პოლიტიკა

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი 

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა შორის ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი.

„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს – კერძოდ, ძალადობრივი მეთოდით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცველი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის, ჯამში, დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი – სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა გელაძემ.

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს „4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტითა და  პროფესიონალიზმის დაცვისთვის“.

„ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა – ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა.

ჩვენი პოლიციელების, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კორდინირებულმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია.

სწორედ ჩვენი სამართალდამცველების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა.

უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა