“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება.
“ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფა მიმიღია ამ კორუმპირებული ყეყეჩისგან. ისევე როგორც საქართველოს ოპოზიციურად განწყობილ ბევრ მოქალაქეს. ღარიბაშვილის მხრებზეა 5 ივლისი და ბნელეთის აღზევება. ისიც მითქვამს, რომ აუცილებლად დააკავებს ივანიშვილი მას და ლილუაშვილს. ფარცხალაძეზეც იგივე აზრის ვარ. რუსეთის გამოცხადებული აგენტია. მის თავს დიდი ხანია სთხოვენ ბიძინას კრიმინალები.
თუმცა ის უბედურება, რაც უსამართლობით ჩვენს ქვეყანას სჭირს – მათაც შეეხება. კარგად დაფიქრდნენ – ის მოსამართლე, რომელიც მათ გაასამართლებს, სისტემის ისეთივე მსახური იქნება, როგორც ის, ვინც ჩვენ ხალხს ციხეში ყრის.არ მჯერა კონსპირაციების. ოპოზიციაში გადასვლას და ბრძოლას გამბედაობა სჭირდება. ეს მათ არ აქვთ.კობახიძესაც აუფეთქდება ყუმბარა. პრინციპია: ნემსი ბოლოს გამოძვრება გაუწონასწორებელი ადამიანების ხელში” – წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.