ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები დიდ იმედგაცრუებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, გიუნტერ კრიხბაუმმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიუღებელია და ამასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება.
„რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი განიხილება. ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოქალაქეების მხარეს ვართ, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, თუმცა მთავრობა და მთავრობის მოქმედებები მიუღებელია. ამიტომ, როგორც ვთქვი, ყველა ვარიანტი განიხილება“, – აღნიშნა გიუნტერ კრიხბაუმმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზეა ჩანიშნული.