მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი მტკიცებით, კავშირი არ აქვს „იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს“.
რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. პროკურატურამ საქმე, რომელსაც ექსპერტები „მკვდარ მუხლებს“ უწოდებენ, ხელახლა გააცოცხლა და ყოფილი ვიცე-მინისტრი, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვაში დაადანაშაულა.
გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძე წლების განმავლობაში ფიქტიურად სხვებზე აფორმებდა კომპანიებს, რეალურად კი, თავად მართავდა მათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, რის გამოც მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ორი დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა. 8 პირის და მათთან დაახლოებული ოჯახების სახლებიდან, სამართალდამცველებმა ძვირფასი ნივთები და დიდი ოდენობით ფული ამოიღეს. ერთ-ერთი სახლი, სადაც სამართალდამცველები შევიდნენ, რომეო მიქაუტაძის ოჯახს ეკუთვნის.