მძიმეა ასეთი სურათების ნახვა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ დროულად გამოიძიოს და ყველა კითხვას უპასუხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმ კადრებზე, რომელიც სუს-მა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩხრეკის შედეგად გაავრცელა.
„პარლამენტი მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელია. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც მიიღებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი სრული მხარდაჭერა ჰქონდათ. ადგილი რაიმე დანაშაულს თუ ჰქონდა, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა. სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ კორუფციის წინააღმდეგ თუ ნარკოდანაშაულის მიმართ. ისინი საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ კორუფციის სიმცირის მიმართულებით ლიდერობა კიდევ უფრო გაგვეზარდა და მსოფლიო სამეულში ვიყოთ. ეს არის ანარეკლი სისხლის სამართლის იმ პოლიტიკის, რასაც სამართალდამცავები აწარმოებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.