ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ როდესაც სკოლები თავის დროზე არ შენდება და გზები არ რემონტდება, კორუფცია ყველასთვის საგრძნობია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ამ მასშტაბის კორუფცია, რის შესახებაც ჩვენ დღეს ვისმენთ, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ და რამდენს ვიცნობდი, ვისაც ხელი წაუცდებოდა, მაგრამ ამხელა კორუფცია თუ იყო, ასეთი თანხებით ვერც წარმომედგინა.
შეიძლება კორუფცია შენს თავზე ვერ იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ეს დამღუპველი კორუფცია. როდესაც სკოლები არ რემონტდება, გზები არ შენდება – უხარისხოა, ვიგრძნობ, როგორ არ ვიგრძნობ. მილიონია დახარჯული გზებზე და მანქანები ხტუნაობით დადიან, ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე”, – განაცხადა ჭყონიამ.
კითხვაზე – როგორ აისახება ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილების გახშირებული ფაქტები ბიზნესკლიმატზე, ბიზნესმენი ამბობს, რომ მთავარია, პროცესი როგორ გაგრძელდება.
“შეიძლება აქ ორი მხარე იყოს, რომ კორუფციას არ პატიობენ და შეიძლება დადებითი შეფასება იყოს ამ მხრივ. მაგრამ ეს მოჩვენებითი არ უნდა იყოს. მთავარია, რა გაგრძელება ექნება ამას. მე იმედი მაქვს, რომ [კორუფციასთან ბრძოლა] შეუჩერებელი იქნება. ვაკვირდები და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ინტერვიუებს იძლევიან რომ კორუფციას ებრძვიან და მგონი ყველაზე კორუმპირებულები თვითონ არიან”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.





















