ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებზე ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.
ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკროშეფასების გაკეთება.
„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ და დავაბალანსოთ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, მოვახდინოთ მომდევნო წლების შესაძლებლობების დაგეგმარება, რასაც თითოეული დამსაქმებელი შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაკროშეფასების გაკეთება უშუალოდ სექტორებისთვის. დღევანდელი შეხვედრისთვის ჩვენ პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, თუ მომდევნო წლის და ასევე ხუთი წლის შეფასებით, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი, ასევე, სად არის გამოწვევები – კონკრეტულად რომელ პოზიციებზე, რომელ სექტორებში. შემდგომ გავაკეთეთ მაკროშეფასება იმ ახალ სექტორებთან მიმართებით და ახალი ინვესტიციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ველოდებით ან უკვე ვიცით, რომ განხორციელდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხვა წევრებმა – განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე, პარლამენტის წევრმა, შოთა ბერეკაშვილმა.
„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ახალი გზამკვლევი, რომლითაც გვეცოდინება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას თითოეულ დარგში სად აქვს გამოწვევა, სად არის კადრის დეფიციტი ან პირიქით. შემდეგ კი სწორი მოდელით კარგად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ.
„პრემიერმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში პრემიერ-მინისტრს წარვუდგინოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს შეჯერებული პოზიცია – მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში რომელ სექტორებში, რომელ პოზიციებზე და რომელ კონკრეტულ ადგილებზე იქნება საჭიროება იმისთვის, რომ განათლების რეფორმა – იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლება – სრულად იყოს ამ ლოგიკაზე აწყობილი, რათა თითოეულ კურსდამთავრებულს ნამდვილად ჰქონდეს შესაძლებლობა, შემდგომში სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





















