უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, კიევის ხელმძღვანელობასთან, რეფორმებისადმი ერთგულების საკითხში, მკაცრი პოზიცია დაიკავონ- ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
პოროშენკომ ზელენსკი ავტორიტარული მეთოდების დამკვიდრებასა და ოპოზიციის დევნაში დაადანაშაულა. ის აცხადებს, რომ კიევის მთავრობა კარგავს „დემოკრატიულ საფუძვლებს“.
ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ომის დროს ლიდერობის პატივისცემის მიუხედავად პრეზიდენტზე ზეწოლა იზრდება იმის გამო, რასაც მისი კრიტიკოსები უკრაინაში დემოკრატიის უკუსვლას უწოდებენ. უკრაინის ყოფილი ლიდერისა და ზელენსკის მთავარი მეტოქის, პეტრო პოროშენკოს თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაგმონ მცოცავი ავტორიტარიზმი. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა სამშაბათს აღნიშნა, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს კორუფციის აღმოფხვრისადმი ერთგულებაში.
„ჩვენი დემოკრატია ძალისა და მდგრადობის წყარო იყო; მისი ძირის გამოთხრა უკრაინას გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ოდესმე შეეძლო რაიმე გარე კრიტიკას“, – განაცხადა პოროშენკომ, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა, POLITICO-სთან ინტერვიუში. „რადგანაც რუსულ ავტოკრატიას ვებრძვით, არ შეგვიძლია თავს იმის ფუფუნება მივცეთ, რომ საკუთარ ქვეყანაში ავტოკრატიული პრაქტიკისკენ გადავიხაროთ. უკრაინას არ აქვს დამოუკიდებლობის დაკარგვის ფუფუნება, მაგრამ არც დემოკრატიის დაკარგვის ფუფუნება აქვს“- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ნორმად იქცა და ანტიკორუფციულ სააგენტოებზე ზეწოლა იზრდება. „უკრაინა სულ უფრო და უფრო შორდება დემოკრატიას და უახლოვდება პოლიციურ რეჟიმს, რაც სამხედრო კრიზისის ფონზე მას შიგნიდან ასუსტებს“, – წერს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, ზელენსკის ადმინისტრაცია უარს ამბობს სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებაზე.











