Uncategorized

გიორგი კახიანი: როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის საკითხებს ეხება.

კახიანის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებებით ჯარიმების გაზრდა პრევენციის მექანიზმი იქნება.

„ქალაქში მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს სამშენებლო ნარჩენი თუ სამშენებლო მასალა და ეს ყველაფერი იმდენად მოუწესრიგებლად ხდება, რომ ქუჩების და ზოგადად ქალაქის დანაგვიანებას იწვევს. ეს სურათი თითოეულ ჩვენგანს ქალაქში არც თუ ისე იშვიათად გვინახავს.

ამიტომ ბუნებრივია, ამაზე გარკვეული რეაგირება საჭიროა იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებზე, როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება, რათა ჩვენი ქალაქი არ დაბინძურდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივას განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარის ოდენობით.

ასევე, თბილისის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარით დაჯარიმდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა