დღეს, როდესაც საქართველო გადმოიბარებს PABSEC-ის თავმჯდომარეობას, ჩვენი მთავარი ხაზი, პრიორიტეტი კვლავაც მშვიდობიანი, ეკონომიკური განვითარება იქნება, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა.
„მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით იმ ქვეყნების მჭიდრო კავშირი, რომელთათვისაც უპირველესი პრიორიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გახლავთ. ეკონომიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას მშვიდობა და სტაბილური განვითარება სჭირდება. დღეს, როდესაც საქართველო გადმოიბარებს 6 თვით PABSEC-ის, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, ჩვენი მთავარი ხაზი, პრიორიტეტი კვლავაც მშვიდობიანი, ეკონომიკური განვითარება იქნება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას გადმოიბარებს. ბულგარეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. ორგანიზაციის მიზანია შავი ზღვის რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და სწორედ ეს იქნება მთავარი მიმართულება, რომელზედაც საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმუშავებს.











