ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება, რომელშიც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიკატების“ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ქართველიშვილის თქმით, “ბრიტანელ დეზინფორმატორებს” სურს შეახსენოს, რომ ცრემლსადენი და წიწაკის გაზი უკვე დიდი ხანია იქცა მასობრივ აქციებზე საპოლიციო რეაგირების სტანდარტულ ინსტრუმენტად როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე შეერთებულ შტატებში.
„ სამწუხაროა რა თქმა უნდა, როდესაც ისეთ სიცრუეზე გამოგიჭერენ, რასაც შენი ლიდერშიფის გადადგომა მოჰყვება – და როდესაც “ტვ პირველივით” იქცევი, თუმცა BBC-ს გიწოდებენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის დემონსტრანტების წინააღმდეგ, “პირველი მსოფლიო ომის” დროინდელი ქიმიკატების გამოყენების დაბრალება – არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ფეიკ-კამპანია. ბრიტანელ დეზინფორმატორებს შევახსენებთ, რომ ცრემლსადენი და წიწაკის გაზი უკვე დიდი ხანია იქცა მასობრივ აქციებზე საპოლიციო რეაგირების სტანდარტულ ინსტრუმენტად როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე შეერთებულ შტატებში. ფორმალურად ეს ნივთიერებები დასაშვებად და „არალეტალურად“ ითვლება, თუმცა სამედიცინო მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები აჩვენებს, რომ რეალურად ისინი არსებით საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. BBC ასეთ შემთხვევებზე დუმს. საუბარია ე.წ. მასობრივი არეულობების კონტროლის ქიმიურ საშუალებებზე (riot control agents) – უპირველესად CS-გაზზე, CN-გაზზე და წიწაკის ნარევებზე.
საერთაშორისო სამართალი მათ გამოყენებას უშვებს სამართალდამცავი მიზნებისთვის, ხოლო სამხედრო კონფლიქტებში ამავე ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია. ანუ. იურიდიულად – ნებადართული ინსტრუმენტი, ხოლო სამედიცინო თვალსაზრისით – მაღალი რისკის წყარო. და ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდება ევროპასა და ამერიკაში, თუმცა BBC – დუმს. მედიკოსები აფიქსირებენ, რომ ევროპასა და აშშ-ში აქციების დაშლის დროს გამოყენებულმა ქიმიურმა გამაღიზიანებელმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, ლორწოვანი გარსების ქიმიური დამწვრობა, ასთმის შეტევები, ფილტვების დაზიანება და გულ-სისხლძარღვთა გართულებები. განსაკუთრებული საფრთხე ჩნდება მასობრივი ან განმეორებითი გამოყენებისას, ურბანულ მჭიდრო გარემოში და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. საფრანგეთში, განსაკუთრებით „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობის დროს, ცრემლსადენი გაზი მასობრივად და სისტემურად გამოიყენებოდა. დაფიქსირდა მძიმე ტრავმები და სიკვდილის შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა მის გამოყენებას. დუმს BBC – კვლავ დუმს. საბერძნეთში პოლიცია წლების განმავლობაში იყენებს გაზს ათენის ცენტრში გამართული დემონსტრაციების დროს – როგორც ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, ისე ბოლო მასშტაბურ პროტესტებზე, რასაც თან ახლდა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ჰოსპიტალიზაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს: ცრემლსადენი გაზის არასწორი გამოყენება შეიძლება სასიკვდილოდ საშიში იყოს და გარკვეულ ვითარებებში შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა. მაგრამ რა ვუყოთ BBC-ს – ისევ დუმს. 2020 წლის საპროტესტო ტალღის დროს აშშ-ის პოლიცია ფართოდ იყენებდა ცრემლსადენ და წიწაკის გაზს. რიგ ქალაქებში, მათ შორის პორტლენდში, დაფიქსირდა ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციები, რომლებიც უსაფრთხო ზღვარს ათეულჯერ აღემატებოდა. ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენებოდა არა მხოლოდ მუნიციპალური პოლიციის, არამედ ფედერალური სტრუქტურების მიერაც, ზოგჯერ საცხოვრებელ კვარტლებთან და ისეთ პირობებში, რომლებმაც სერიოზული სამედიცინო შედეგები გამოიწვია. ასე რომ, მალე ანდაზად იქცევა გამონათქვამი: “BBC-ის რომ დაეჯერება” – როგორც ორმაგი სტანდარტის, სიცრუის და დიფ-ფეიკის ტირაჟირების “სანდო წყაროს” ეტალონი. აქ ლიფტში არავინაა გაჭედილი და ინტერნეტთან წვდომა გვაქვს – ხოლო ნეანდერტალელების დონემდე თქვენღა გაკლიათ “ორი ნაბიჯი”. – წერს ქართველიშვილი.











