პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – რა გაჩერებთ სახლებში, ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით?

ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ადვოკატებს ვთხოვო, წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არცერთ ეტაპზე არ დააყენონ, რადგან არაფერი მაქვს სათხოვარი ხალხთან, რომლებმაც ქიმიური იარაღით მოწამლეს ორსული ქალბატონი, მცირეწლოვნები, ქალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია.

„ყველაფერი მაქვს აკრძალული, ოჯახთან კომუნიკაცია მაქვს აკრძალული, საცდელი ვირთხასავით ვარ, მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ. მე მინდა, ჩემს ადვოკატებს ვუთხრა, სასამართლოს გირაოს სახით არანაირი თანხა არ შესთავაზოთ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ, სასამართლოს თუ აინტერესებს ჩემი პოზიცია, 20 წუთი მომეცით. სისხლის სამართალი არის მოქმედება, დანაშაულს კი არ მედავებით, არამედ მედავებით პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწოდება ეხებოდა გდდ-ის თანამშრომლებს, ადამიანებს, მათ შორის, ვინც უკანონობას ჩადიოდა. მეც ვარ დაზარალებული გდდ-ის თანამშრომლების მიერ, ძვლები დამილეწეს, მაგრამ ამაზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჩემი მიწოდება შეეხებოდა მათ: არ იძალადოთ, არ დაასახიჩროთ. იყო დაპირება, რომ მომავალში, როცა ხელისუფლება შეიცვლება, დაჯილდოვდებით.

ყოველი დღე გადამწყვეტია, ტროტუარზე გვიკრძალავენ დგომას. ახლა კანონს იღებენ, რომ ერთი კვირით ადრე უნდა განაცხადო აქციის გამართვაზე. ეს არ არის თამაში. 300-მდე პოლიტპატიმარია, როგორ დავიჯერო, მათ ათი გულშემატკივარი არ ჰყავთ? რა გაჩერებთ სახლებში, ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ, ამიტომ აქციაზე ვერ დარჩებით? მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო. როგორ ვუთხარი გდდ-ის თანამშრომლებს? ეს არ არის ქრთამი, ქრთამი თქვენკენ მოიკითხეთ. უაზროთ კამათობთ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ ისედაც, რას კამათობთ? გინდათ, გითხრათ, რატომ ვერ ამბობთ, რომ ერთიანები ხართ? კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამას ვერ იღებთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები.

გეშინიათ. ვიდრე შიში იქნება, ივანიშვილის რეჟიმი იქნება. ყოველდღე 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეს, მაშინ ვიქნებით გამარჯვებული. იძახით, გავიმარჯვებთო. ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და ქვეყნისთვის იბრძოლეთ. გეყოთ გამბედაობა ან იმ ახალგაზრდებს, ვინც ციხეში არიან, უთხარით, გააფორმონ საპროცესო და გამოვიდნენ. გეყოთ ტელევიზორიდან ამდენი ლაილაი, აზრზე მოდით ან ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში, ქვეყანას ბოლომდე დახურავს ჩალით. ერთმანეთს ჩაჰკიდეთ ხელი, ერთდღიანი აქცია გამოსავალი არ არის.

მე ვარ პროცესის გულშემატკივარი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ამისთვის იბრძვის. ვიღაცები რომ დგანან და ლაილაობენ, თქვენი ბანერებიანად კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოთ და იქიდან აკეთოთ განცხადებები. რომ გამოდიხართ და პატიმრებზე საუბრობთ, თქვენი საქმე აკეთეთ, ხალხს აჩვენეთ, გამოსავალი სად არის. ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გაქვთ. არ შეიძლება, მუდმივად აზა ჩალიჩავასნაირი მოქალაქე აჩვენებდეს გმირობას, დანარჩენები კი დადიხართ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი და ლაილაობთ. როგორ უნდა შესთავაზოთ ხალხს პოლიტიკური გამოსავალი, შიშებში ხართ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა