„ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. რომელ პატრიოტულ აღზრდაზე ვლაპარაკობთ, თუკი ვეტერანებს არ ექნებათ შესაბამისი დაფასება და ისინი არ იქნებიან სამაგალითო მომავალი თაობისთვის?“ – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მომავალი წლის ბიუეტში არ ეზრდებათ სოციალური დახმარება ადამიანებს, ვისაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი დაფასება და ზრუნვა ეკუთვის – ვეტერანებს.
ვიცე-სპიკერის თქმით, მართალია დღევანდელმა ხელისუფლებამ ვეტერანების დახმარება ადრე გაზარდა, მაგრამ ეს თანხა დღესაც მინიმალურია და აუცილებლად საჭიროებს კორექტირებას. სოზარ სუბარმა ისაუბრა ვეტერანების ჯანდაცვის პრობლემაზეც.
„კიდევ ერთი თემა, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, ვეტერანთა სოციალური დახმარებაა. რამდენიმე წლის წინ, ჩვენ მივიღეთ ცვლილება, რომლითაც მართლაც სამარცხვინო 44 ლარი გაიზარდა 100 ლარამდე, მაგრამ ბუნებრივია, ესეც ძალიან ცოტაა. ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოსთვის არაერთხელ დააყენეს თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, ბევრმა მათგანმა მიიღო ჭრილობები და დღეს ისინი სოციალური დახმარების სახით იღებენ 100 ლარს. აქვე ვიტყვი, რომ ვეტერანების 70% ვეტერანების არის დაუსაქმებელი, 30% კი სოციალურად დაუცველია. ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. რომელ პატრიოტულ აღზრდაზე ვლაპარაკობთ, თუკი ვეტერანებს არ ექნებათ შესაბამისი დაფასება და ისინი არ იქნებიან სამაგალითო მომავალი თაობისთვის? მომავალი წლის ბიუჯეტში თუნდაც 50%-ით რომ გაიზარდოს ვეტერანების სოციალური დახმარება, ეს იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ სამშობლოს მათი თავდადება ახსოვს და რომ მომავალ წლებში უფრო მეტის გაკეთება იგეგმება, თორემ 50 ლარით დაფინანსების გაზრდა რომ საკმარისი არ არის, ეს ყველას კარგად გვესმის. ვეტერანებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჭირბოროტო თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ, ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პრობლემაა. თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე გამოყოფილია შენობა, სადაც უნდა მოეწყოს ვეტერანების ჰოსპიტალი, თუმცა ამისთვის საჭირო თანხები არ არის გამოყოფილი. ამ ეტაპზე ვეტერანები თავად ცდილობენ იპოვონ კერძო ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს ამ ჰოსპიტალს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორი მიდგომაა, ეს იყოს არა კერძო, არამედ სახელმწიფო კლინიკა, სადაც ვეტერანები მიიღებენ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მათ სჭირდებათ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.











