პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევრობიუროკრატების პოზიციებსა და ევროკავშირის პრინციპების ცვლილებას მედიასთან ეხმიანება. “ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები. მაგრამ რატომღაც არ ვიხსენებდით, პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც სწორედ ევროპაში დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში სულ რაღაც 25 წლის წინ, რომელიც ნატოს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან და ამის მიზეზებზე თვალს ვხუჭავდით” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და თვალს ვხუჭავდით უარყოფით მოვლენებსა და ფაქტებზე.
სოზარ სუბარმა ისაუბრა არაერთ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც სწორედ ევროკავშირის ჩართულობით განვითარდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ევრობიუროკრატების ხელით, თავად დაგვანახა ის უარყოფითი ფაქტები, რაზეც აქამდე თვალს ვხუჭავდით.
“ევროპა და ევროკავშირი აღარ ჰგავს თავის თავს, იგი ძალიან დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა და დაფუძნდა ევროკავშირი. თუმცა ჩვენს თავსაც უნდა გამოვუტყდეთ, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ყველაფერს, რაც ევროკავშირთან იყო დაკავშირებული და ხშირად იმ უარყოფითის დანახვა არ გვინდოდა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით. ჩვენ მათ ვაიდეალებდით და ვცდილობდით თვალი დაგვეხუჭა იმაზე, რაც არ იყო სწორი. ცხადია, იდეალური არ არის ევროკავშირი, ისევე როგორც ვერ იქნება ვერც ერთი კავშირი თუ სახელმწიფო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, თუმცა კი პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც ევროპაში დაიწყო და დაიწყეს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა. დავუშვათ, ეს შორეული წარსულია, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში, რომელიც ნატოს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან. სერბეთში და ზოგადად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე რაც ხდებოდა – ეთნიკური კონფლიქტები და ეთნიკური წმენდები, მშვიდობიანი ადამიანების მასობრივი მკვლელობები და სხვა – ეს იყო დაუშვებელი, მაგრამ ამაში მხოლოდ სერბები არ იყვნენ დამნაშავე, ხოლო დასავლური მედია ამ ტრაგედიებს და ძალადობის მაგალითებს ძალიან მიკერძოებულად აშუქებდა. ამით კი ისინი სრულიად შეგნებულად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ნატოს მიერ სერბეთის დამომბვისა და ქვეყანაში გაუმართლებელი შეჭრისთვის დასავლური საზოგადოებრივი აზრი მოემზადებინათ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია და რატომღაც თვალს ვხუჭავთ, რომ სულ რაღაც 14 წლის წინ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა აშშ-სთან ერთად დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ლიბია. ამ დაბომბვებს იმით ამართლებდნენ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დიქტატორი იყო, თუმცა ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მანამდე კადაფის თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა და სიამოვნებით იღებდნენ მისგან ძვირფას საჩუქრებსაც და გულუხვ შემოწირულობებსაც საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისთვის. მაგრამ, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერებისა და მუამარ კადაფის ინტერესები ერთმანეთს ასცდა, ევროპელებს გაახსენდათ, რომ კადაფი დიქტატორია და ლიბია მიწასთან გაასწორეს. მას შემდეგ ლიბიაში არ წყდება სამოქალაქო ომები და სისხლისღვრა, ერთ დროს უნიტარულ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე იყო, განადგურდა ეკონომიკა, ერთმანეთს სამკვდრო-საციცოცხლოდ გადაემტერნენ იქ მცხოვრები ტომები და ამ უბედურებას დასასრული არ უჩანს. 2011 წლიდან მოყოლებული დაბომბვებს და სამოქალაქო ომს შეეწირა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა, მაგრამ არც ევრბიუროკრატებს, არც ევროპელ ლიდერებს და არც დასავლურ მედიას ეს არც ახსოვთ და არც აწუხებთ. სამაგიეროდ, ამაყად გვიცხადებენ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია, ევროკავშირი კი – მშვიდობის პროექტი და ფორპოსტი,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.











