„მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ ამერიკის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო სამართალი და ამით გარკვეულწილად გაამართლა რუსეთის ქმედება, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წერი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას ეხმიანება.
მისი თქმით, ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპა ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს.
„ვენესუელას მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რომელსაც ღიად პასუხები ალბათ არასოდეს გაეცემა. ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი – 30 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ძალაუფლება სხვა ქვეყანას რამდენიმე საათში ხელში ჩაეგდოს და თან ქვეყნის პრეზიდენტი აეყვანოთ. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ გაიყიდა ვენესუელას მთავრობიდან, ქვედა რგოლი თუ მაღალი ეშელონები, ჩვენთვის მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ უკან წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება. რაც შეეხება ძალის დემონსტრირებას, აქ უკვე ახალი სახის პოლიტიკას ვხედავთ ყოველგვარი ყალბი დემოკრატიული ლოზუნგების გარეშე. ვფიქრობ, ვენესუელა არ იქნება ერთადერთი პოლიტიკური ქეისი ახალ გლობალურ პროცესებში, მას მალე მიჰყვება სხვა ქვეყნებიც და ამ პერიოდში ნელ-ნელა გავიგებთ კულუარული გარიგებების სქემებს.
ფაქტია, მესამე მსოფლიო ომი არც ერთ ლიდერ სახელმწიფოს არ აწყობს. აქედან გამომდინარე, უპრიანია მსოფლიოს ახალი გადანაწილება მეორადი, ანუ გავლენების ქვეყნების მიხედვით. სავარაუდოდ, ამერიკა-ჩინეთი-რუსეთი გარკვეული პერიოდი ამით შემოიფარგლებიან, თუმცა, საკუთარ ადგილს ითხოვს ინდოეთიც და არაბული სახელმწიფოებიც, ეს კი სერიოზულ ქაოსს ქმნის გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში. რაც შეეხება ევროპას, ორი ძალისმიერი ქვეყნის შუაშია მოქცეული და ვენესუელას შემდეგ, ალბათ ბევრ რამეზე დაფიქრდება. ის, რომ ძალა მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკაში, ახალი არ არის. დასაბამიდან დღემდე „ძალა აღმართს ხნავს“ და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. ან კი რომელ საუკუნეში იყო მსოფლიო პოლიტიკა არაძალადობრივი? მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ ამერიკის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო სამართალი და ამით გარკვეულწილად გაამართლა რუსეთის ქმედება, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. „თუკი ვენესუელა ამერიკისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო, უკრაინას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რუსეთის უსაფრთხოებისთვის“ და კიდევ ვინ იცის, ღია ძალადობის გასამართლებლად, რამდენ მსგავს ფრაზებს მოვისმენთ? როგორც ჩანს, პოლიტიკური ავთენტურობა ასე ესმით მსოფლიოს ლიდერებს. ის, რაც დღეს ხდება, არ არის „ბრძოლა წესების გარეშე“, ეს არის „ბრძოლა ახალი წესებით“, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ახალ წესებს მხლოდ ერთი ქვეყანა ვეღარ აწესებს. ველოდებით სხვებსაც…“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.











