„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს. ნათელაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის საშინელი გინება სცოდნია“, როგორც „მისგან გამოქცეულები“ ამას თავად უყვებიან.
მისი თქმით, ის „კადრებს ამის მიხედვით არჩევს. მათ შორის, დედას აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად, კობახიძე, ღარიბაშვილი, ის მოსწონს და მერე იმას აწინაურებს“.
სამხარაძე ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისთვის შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია.
„ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს. ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ“- წერს სამხარაძე.











