სამართალი

ღარიბაშვილის ოჯახის სხვა ქონების, მათ შორის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას – პროკურორი

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთან, მას ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

პროკურორის განმარტებით, ჯარიმის გადახდის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის და მის აღსრულებაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.

„ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განსაზღვრა.

[ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა თათიაშვილმა.

პროკურორის ინფორმაციით, საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან მან თავი შეიკავა. ასევე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ოჯახის სხვა ქონების, მათ შორის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ჩამოერთმევა ასევე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც გამოძიების მიხედვით დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად იყო მიღებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა