დღეს საქართველოში შეწყალება აღარ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და არ გამოიყენება პარტიული ნიშნით. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება წარსულ პრაქტიკასთან შედარებით, როცა შეწყალება ბევრისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო და არა ჰუმანური მექანიზმი, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
მისივე თქმით, შეწყალება არ არის პოპულარული, მარტივი გადაწყვეტილება და არც ისეთი, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება. მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ნათლისღების დღეს მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება არ ყოფილა ემოციური ჟესტი, არამედ გააზრებული გადაწყვეტილება.
„შეწყალება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე უფლება, რაც სახელმწიფოში არსებობს. ეს არ არის პოპულარული გადაწყვეტილება, არც მარტივი და არც ისეთი, რომელზეც ყველა კმაყოფილი დარჩება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეწყალების გამოყენება ეფუძნებოდეს არა პოლიტიკურ დღის წესრიგს, არამედ გონივრულ შეფასებას, პასუხისმგებლობას და ადამიანურ მიდგომას. შეწყალების შესახებ ნათლისღების დღეს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ ლოგიკით იქნა მიღებული. თითოეული საქმე ინდივიდუალურად და სიღრმისეულად იქნა განხილული, შეწყალება არ განხორციელდა ავტომატურად და არ ყოფილა ემოციური ჟესტი, ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება. დღეს ხშირად ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევას, თითქოს შეწყალება ხელისუფლების ან პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯია. რეალობა კი სრულიად სხვაა.
დღეს საქართველოში შეწყალება აღარ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და არ გამოიყენება პარტიული ნიშნით. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება წარსულ პრაქტიკასთან შედარებით, როცა შეწყალება ბევრისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო და არა ჰუმანური მექანიზმი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ოპოზიციის რეაქცია შაბლონურია. ერთი და იგივე შეფასებები, წლებია ერთი და იგივე ბრალდებები და ერთი და იგივე სცენარი მეორდება. მათთვის შეწყალება კვლავ პოლიტიკის ნაწილია. პრეზიდენტისთვის კი ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს, მათ ოჯახებს და საზოგადოებას ეხება. ამ რთულ და სენსიტიურ საკითხში სახელმწიფომ აირჩია არა პოპულიზმი, არამედ პასუხისმგებლობა. მადლობა პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომ შეწყალების უფლება ადამიანურად, გააზრებულად და გონივრულად მოიყენა!“, – წერს დავით ჩიხელიძე.











