მუსიკოსი მანანა ჩიქოვანი, დიდი ფორმატის ბარიტონის, ლადო ათანელის მეუღლე, ჩვენს ოპერაში ერთ-ერთ სპექტაკლს დასწრებია, სადაც არც თუ სასიამოვნო მდგომარეობას აღწერს:
“გუშინ, 17. 01. 26. ოპერის თეატრის დარბაზის შევსებულმა მაყურებელმა გამაოგნა, ჩვენს ულამაზესი ოპერის თეატრის დარბაზში ისხდნენ: პალტოებით, ქუდებით, დასვრილი “საპოგებით”, სახლის სვიტრებითა და ჯინსებით შემოსილი ხალხი, თავი თბილისის გარეუბნის ბაზრობაზე მეგონა, სადაც ერთხელ მეგობარს წავყევი და ის საშინელი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება…. ოპერის ადმინისტრაციამ ასეთი მაყურებელი, რომელიც არც თავის თავს სცემს პატივს, არც საზოგადოებას და არც ჩვენს სახელოვან თეატრს, არ უნდა დაუშვას ოპერის თეატრში. იქნებ ბილეთზე მიუთითონ დრეს კოდი.”
რაზე მეტყველებს საზოგადოების იმ ნაწილში შეღწეული ბარბარიზაცია, რომელიც თითქოს საოპერო ხელოვნების მოყვარულია? რაზე და ვოუქისტური კულტურული რევოლუციის ერთგვარ გამოვლინებაზე.
თანამედროვე ვოუქიზმი კულმინაციაა მსოფლიოში საკმაოდ მოდებული რადიკალ-სოციალიზმისა, რადიკალ-ლიბერტარიანიზმისა და რადიკალ-ეკოლოგიზმისა. რამდენადაც ის თავისი ბუნებით ნეოტროცკისტული მოვლენაა, მისთვის “დრეს კოდიც”, სოლიდური ჩაცმულობაც მხოლოდ ინსტინქტებზე რედუცირებული თავისუფლებების მტერია. რამე რომ იყოს, სახელსაც გამოუძებნიან – გეტყვიან, რომ ეს “რუსულია”, “სტალინისტურია”, ამდენად რა საჭიროა. თავის დროზე, როდესაც გერმანელების აგენტმა დედამიწის ერთი მეექვსედი ამოაყირავა და რომანოვების იმპერიაც ისევე მიაკლა, როგორც ცნობილი რომანის როდიონ რასკოლნიკოვმა მოხუცი ქალი, ფრაკიც წყეული არისტოკრატების სამოსად გამოაცხადეს, მიმართვა “ბატონო” კი “ამხანაგით” ჩაანაცვლეს.
ამ ახალი გაგებით “თავისუფალი” და “კაი ტიპი” მაშინ ხარ, თუ ისეთ ჩაცმულობას ირჩევ, როგორსაც ეს მუსიკოსი აღწერს, ხოლო შენს თანამზრახველთა მიღმა მყოფ საზოგადოებას პროპაგანდისტული აქსიომებით და კლიშეებით დაელაპარაკები“,-წერს გამსახურდია.











