პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ის წერს, რომ მსოფლიოს გადანაწილება ღიად გამოხატული იმპერიალიზმის ფონზე ხდება:
„ლიდერი სახელმწიფოები შეუნიღბავად ინაწილებენ მსოფლიოს. უკრაინა, ვენესუელა, გრენლანდია, კანადა, ირანი, სომხეთ-აზერბაიჯანი და ა.შ. გავლენის ქვეყნების ჩამონათვალი იმპერიალისტებისთვის დღეს ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ოდესმე“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დავოსის ფორუმმა დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ მსოფლიო „სისტემური რევოლუციის“ მოლოდინშია და საქართველო არ უნდა ჩაერიოს გლობალურ „პოლიტიკურ მკლავჭიდში“.
“ისტორია რომ მეორდება, ამაში ბევრჯერ დარწმუნდა კაცობრიობა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, არათუ განმეორება, არამედ საუკუნისწინანდელი ქრონიკების ცუდად გაცოცხლებაა. ვინ წარმოიდგენდა, რომ დღეს მეცნიერებს ლენინის მიერ შემუშავებული თეორიის გადახედვა და “იმპერიალიზმის” შესახებ ახალი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება მოუწევდათ, რომელიც დიდად არ განსხვავდება სოციალისტური განმარტებისგან. ისევე, როგორც არ განსხვავდება კაპიტალისტური იმპერიალიზმი საბჭოთა იმპერიალიზმისგან. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა იდეოლოგის და ბრიტანელი ჯონ სმიტის განმარტებითაც იმპერიალიზმი “ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკაა”. არც ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი” ჩამორჩება იმ ჰეგემონურ განზრახვას, რაც ადგილობრივი კულტურის ტრადიციების ძალადობრივ რღვევასა და დამპყრობელი ქვეყნის კულტურის კონტექსტის (იდეოლოგიის) თავსმოხვევას გულისხმობს.
ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის დასაწყისის მოლოდინები იმპერიალიზმის, როგორც “კაპიტალიზმის უმაღლესი და უკანასკნელი სტადიის” შესახებ, გამართლდა. ეს მივიღეთ არა მხოლოდ კაპიტალიზმის განვითარების, არამედ საერთაშორისო სისტემების ანარქიის შედეგად. მსოფლიოს ახალი გადანაწილება ღიად გამოხატული იმპერიალიზმის ფონზე მიმდინარეობს. დემოკრატიას ამოფარებული ჰეგემონია ყოველთვის “ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკა” იყო, თუმცა დღეს სიტყვები “დემოკრატია, თავისუფლება, სუვერენიტეტი” საერთოდ ამოღებულია პოლიტიკური ლექსიკიდან და ლიდერი სახელმწიფოები შეუნიღბავად ინაწილებენ მსოფლიოს. უკრაინა, ვენესუელა, გრენლანდია, კანადა, ირანი, სომხეთ-აზერბაიჯანი და ა.შ. გავლენის ქვეყნების ჩამონათვალი იმპერიალისტებისთვის დღეს ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ოდესმე. რა მოხდება მაშინ, თუკი საერთაშორისო სისტემების ანარქია ამავე ტემპით გაგრძელდება? თუკი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში იმპერიალიზმის ზენიტს დიდი რევოლუცია მოჰყვა, მივა თუ არა ეს პროცესები ახალ სისტემურ რევოლუციამდე? ისიც ცხადია, რომ რევოლუცია ძველს არ აბრუნებს, როგორც ამერიკაში, ევროპასა და ქართულ ოპოზიციაში ჰგონიათ, მას ახალი პოლიტიკური წყობა მოაქვს. და რა იქნება ის “ახალი”, ან ვინ იქნება მისი ავტორი, ეს ჯერ კიდევ მკვეთრად არ ჩანს.
რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში? – დღეს ევროპა თავის თავს ებრძვის; შიდა სისტემური ანარქიისგან იმიჯშერყეული ამერიკა ღია დახლზე ვაჭრობს და ცდილობს ერთმანეთს დააცილოს რუსეთ-ჩინეთი. საგონებელში ჩავარდნილი და ტრამპისგან გადიდგულებული რუსეთი ახალ თამაშს იწყებს და არავინ იცის, როგორ განაგრძობს ურთიერთობას დღევანდელ “მოკეთე” და ხვალინდელ “მეტოქე” ჩინეთთან; ირანი ამერიკას ძალას აჩვენებს; არაბული ქვეყნები მსოფლიო კაპიტალის დომინანტ მმართველებად გვევლინებიან; შუა აზია, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტი ძლიერდება სამხრეთ კავკასიის ერთიანობის დასუსტების ფონზე… სისტემური ანარქიის პრობლემა ნათლად ჩანდა დავოსის ფორუმზე. ამ ფორუმმა ღიად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. “ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკა” ძლიერი სახელმწიფოების დღის წესრიგიდან არასოდეს გამქრალა, მაგრამ ამჟამინდელი მგლური იმპერიალისტური პოლიტიკა ყველა მტაცებლურ ჟინს აჭარბებს და სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მსოფლიო ახალი “სისტემური რევოლუციის” და არა მსოფლიო ომის მოლოდინშია.“სისტემური რევოლუცია” უფრო მგრძნობიარე იქნება სამყაროსთვის, ვიდრე თუნდაც მსოფლიო ომი. ომს თავს არიდებენ გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, ვერ შეაჩერებენ სისტემურ ცვლილებებს, რადგან საზოგადოების ადაპტაციას ცვლად პირობებთან მხოლოდ “პოლიტიკური სისტემა” განაპირობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავლენის ქვეყნების ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ “ერალაშია” იმ დიდი პროცესების, რასაც მსოფლიოს მმართველი “პოლიტიკური სისტემების” ცვლილებები მოგვიტანს. საქართველო იმ პერიოდისთვის უნდა იყოს მზად და არ უნდა ჩაერიოს ამჟამინდელ გლობალურ “პოლიტიკურ მკლავჭიდში”. მართალია, ზოგადად სისტემურ ცვლილებებს მოჰყვება ხოლმე ახალი ტერიტორიული გადანაწილება, მაგრამ დღეს პირიქით ხდება. მსოფლიოს მმართველებს ვითომ ტრადიციული პოლიტიკური კულტურით და მემარჯვენე იდეოლოგიით სურთ იგივე სისტემის შენარჩუნება და ახლებური გადანაწილება. ეს ასე არ ხდება. სწორედ ამიტომ არის დღეს მიმდინარე პროცესები ყალბი. და რა მოხდება მაშინ, თუკი დასავლეთის “ახლით” შეფუთულ ძველ პოლიტიკას შორეული აღმოსავლეთი აურევს? ერთი საუკუნის წინ ხომ ბურჟუაზიული იმპერიალიზმი სოციალიზმმა დაამარცხა? და მასაც სწორედ სისტემური ანარქია უსწრებდა წინ. ან სულაც, იქნებ სადღაც იდეოლოგები ახალ სქემას წერენ მჩაგვრელ-ჩაგრულთა დილემის “აღმოსაფხვრელად”? მიზეზი ბევრია იმისათვის, რომ მსოფლიომ რეალური “სისტემური რევოლუცია” იხილოს. მთავარია, რომელი ნაპერწკლიდან აინთება ალი?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.











