თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული უნივერსიტეტის შექმნაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე.
ნიკოლაშვილი ამბობს, რომ საჭიროა პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეის დაბრუნება და წერს, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს.
“1926 წელს ივანე ჯავახიშვილი საბჭოთა მმართველებმა მისივე დაარსებული ქართული უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასწავლებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტი დაშალეს და მის ბაზაზე არაერთი პროფილური სასწავლებელი შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი საბოლოოდ მაინც 30-იანი წლების რეპრესიულ გარემოს შეეწირა და სტალინური პრემიაც სიკვდილის შემდგომ მიანიჭეს. მეცხრამეტე საუკუნის განმანათლებელ ქართველთა სანუკვარი ოცნება, საქართველოში უნივერსიტეტი გახსნილიყო, მხოლოდ დიდი ივანეს თავდადებული მოღვაწეობითა და ძალისხმევით ასრულდა. თებერვლის რევოლუციისთანავე იგრძნეს დამფუძნებელმა მამებმა ეს მომენტი და საუნივერსიტეტოდ აშენებულ გიმნაზიის შენობაში დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაისმა.
ივანე ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის იდეის სულისჩამდგმელი და ხორცშემსხმელი. მთელი ქართული მეცნიერება, ცოდნა, ათობით კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო ქსელი თავის სათავეს ქართული უნივერსიტეტიდან იღებს. საქართველოში თანამედროვე განათლების საფუძველი და ქვაკუთხედი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. გასაბჭოების წლებში ივანე ჯავახიშვილი იძახდა, რომ მას კიდევ ოთხი წელი ესაჭიროებოდა ახლადდაარსებული უნივერსიტეტისთვის მტკიცე სტრუქტურისა და გამართული ფაკულტეტების ასაწყობად. მას ეს არ დასცალდა. ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა ყველანაირად დევნეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.
უნივერსიტეტის დაშლა, პოლიტიზება და ინსტრუმენტალიზება ყოველთვის იყო მმართველობის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც წარმატებით შეისისხლხორცა წინა, დამნაშავე ხელისუფლებამაც – “რეფორმირებული” სასწავლებლები რეჟიმის სამსახურში ჩააყენა და რეპრესიული აპარატის ნაწილად აქცია. გავიდა წლები, თუმცა განათლების სისტემა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ინერციულობას საგრძნობი დროით ინარჩუნებს. გვიანდელი საბჭოეთის ხანაშიც (ვინც იმ პერიოდს მოვესწარით), როდესაც დიპლომის ფლობამ რეალური განათლება ჩაანაცვლა, სასწავლებლები და ფაკულტეტები პრესტიჟის მიხედვით დაყო, ჩაწყობამ და პროტექციონიზმმა ტოტალური ხასიათი მიიღო, უმაღლესი განათლება ფიქციად იყო ქცეული და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს აცდენილი. ამ მანკიერების ინერცია ლამის დღემდე არსებობს. აუცილებლად უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც დრო, როდესაც პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეა უნდა დაბრუნდეს, მისი სულისკვეთება, მისი დამფუძნებლების ხედვა – ეროვნული, სახალხო და განმანათლებობაზე მიმართული სამეცნიერო კერის შექმნისა.
საუკუნის წინ ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება. თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს. ესაა საწინდარი ქვეყნის მომავლისა და მომავალი თაობებისა.”- წერს ნიკოლაშვილი.
გურამ ნიკოლაშვილი- ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება
Facebook Comments Box










