პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე- საქართველოს წინააღმდეგ შეტევები კვლავაც გრძელდება და თუ ამას თვალი მოვუხუჭეთ, ისე გაგვთელავენ, „როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ახალი წელი აკაცუკებმა ძველი იმედებით, მაგრამ ახალი ენერგიით დაიწყეს.

„ახალი წლის პირველი თვეც მიიწურა…

ახალი წელი აკაცუკებმა ძველი იმედებით, მაგრამ ახალი ენერგიით დაიწყეს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებით შედეგებზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი (სპეციალურად ვიყენებთ სიტყვა „სპექტრს“, რადგან ყველას ერთიანად ვგულისხმობთ: პარტიებს, არასამთავროებს, ქრონიკულად მომიტინგე „რუსთაველელებს“ და ა. შ.) უკვე მეორე წელია ილუზიებიდან ვერ გამოდის და საკუთარ ბაბლში იხარშება.

ბუნებრივია, ისინი არც 2025 წელს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ცნობენ (აბა, „არალეგიტიმური“ „ლეგიტიმურს“ როგორ ჩაატარებდა?). ერთ დღეში ხელისუფლების დამხობაც მოსინჯეს („4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ!“), მაგრამ როდესაც აქაც კრახი განიცადეს, მაშველ რგოლად ბი-ბი-სის მიერ გადაღებული პროპაგანდისტული ფილმი დაიგულეს – არიქა, მსოფლიოში ცნობილ ამ ტელეკომპანიას მაინც ხომ დაუჯერებენ ტყუილებსო…

მაგრამ რადგან ეს იმედიც უქარწყლდებათ და მათი უცხოელი ლობისტები ახალ ავანტიურაზე მიდიან – ცდილობენ, რომ ჟურნალისტურ გამოძიებად წოდებული ბი-ბი-სის ხსენებული ფილმის ტყუილებს მეტი ფასი შესძინონ და მასში მოტანილი კითხვის ნიშნები ძახილის ნიშნებად აქციონ ოფიციალური საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანოების მიერ აღიარების გზით. ამისთვის დიდი მუშაობა მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც და ამერიკაშიც.

ეჭვი არ არის, რომ ამერიკაში დაგეგმილი და უცნაური მიზეზით (ცუდი ამინდის გამო) გადადებული ჰელსიკის კომისიის სხდომაზეც დომინანტი საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ „წყალში გარეული საწამლავის“ მხილება უნდა ყოფილიყო.

არადა, საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ყველა დაინტერესებულ მხარეს გავაცნობთო, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, კი ბატონო, დაიწყეთ საერთაშორისო გამოძიება (რომლითაც შიდა და გარე აკაცუკები იმუქრებიან), ჩვენ კი გამოძიების შედეგებსაც მოგაწვდით და სხვა მასალებსაცო, მაგრამ მათ ხომ ჭეშმარიტების დადგენა არ ადარდებთ. გაცილებით მარტივია, რომ გამოკითხონ აკაცუკები, რომლებიც მოყვებიან, თუ როგორ მოიწამლნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბის აქციების დროს წყალში გარეული საწამლავით, რა სიმპტომები ჰქონდათ მაშინ და როგორ ნახევრად დაინვალიდებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ამის შედეგად დღესაც. მერე რა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ და „მოწამვლიდან“ და „დაინვალიდებიდან“ განვლილ ერთ წელიწადში ამაზე კრინტიც არ დაუძრავთ.

სავარაუდოა, რომ ამ საკითხებზე დეტალურად მოუყვებიან აშშ-ს კონგრესის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან.

კონგრესიდან ჩამოსული სტუმრებიც (ან მათი ნაწილი მაინც) სულ „ნწუ, ნწუ“-ს ძახილით დაბრუნდება ამერიკაში და შეეცდება ანტიქართული რიტორიკის ჩამქრალი ნაღვერდალი გააღვივოს.

ოპო-ების მოქმედების დღევანდელი გეგმა ძალიან მარტივად გამოიყურება: ყოველ-დღიური საპროტესტო აქციები, რომელმაც უნდა დაღალოს და წელში გადატეხოს ხელისუფლება. მათგან ჯერ მხოლოდ ერთეულები ხედავენ, რომ ეს გამარგინალებისკენ მიმავალი გზაა, რადგან აშკარაა, რომ პროტესტანტთა რაოდენობა არ იზრდება და ამ ძალებით არ არსებობს იმ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პერსპექტივა, რომელსაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა არჩევნებში.

ბოლო დღეების საინტერესო სიახლე ის იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ვაშაძე ხელისუფლების მიერ დაანონსებულ დებატებში მონაწილეობისკენ იქაჩება, რაც ოპოების უმრავლესობის ტრენდში ვერ ჯდება, ხოლო ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი უფრო შორს მიდის და თავისიანებს არათუ დებატებისკენ, არამედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად საინტერესო შეფასებასაც ასახელებს – 1000 კაცით ხელისუფლებას ვერ მოვერევით (მნიშვნელოვანი აღიარებაა ოპოზიციის რაოდენობასა და შესაძლებლობებზე!) და როცა მძევლად ხელში ჩამგდებებს ძალით ვერ ერევიან, მათთან მოლაპარაკების გზით აგვარებენ პრობლემასო.

მძევლად ხელში ჩაგდებასთან ვითარების შედარება ხაბეიშვილის ფანტაზიებს მივაწეროთ, მაგრამ მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც ჩანს, ციხეში ყოფნა ძირითადად დადებითად მოქმედებს ადამიანების აზროვნებაზე და რეალობის უკეთ აღქმაზე.

მთლად ახალი ამბავი კიდევ ის არის, რომ გუშინ გერმანიის კანცლერმა მორიგი ცივი წყალი გადაასხა ზელენსკის ილუზიებს, რომელიც იმედს გამოთქვამდა, უკრაინა 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის წევრი გახდებოდა.

ფრიდრიხ მერცმა ცივად განაცხადა,

შეეშვით ამ ილუზიებს, გაიგეთ, რომ ეს წლებით გაწერილი პროცესია, ჩვენ უკრაინას დავეხმარებით, რომ ჩვენი პირობები დააკმაყოფილოს და წლების შემდეგ გადავწყვეტთ, მივიღოთ თუ არა ევროკავშირშიო.

ამ ფონზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინამ საქართველოში ელჩი დანიშნა. ქვეყნებს შორის ფაქტობრივად არარსებული დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ზოგადად, დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, მალე გამოჩნდება, ეს კაცი სამტროდ ჩამოვიდა თუ სამოყვროდ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზელენსკი მუდამ მხოლოდ ევროკავშირის მითითებით ან მათთან შეთანხმებით მოქმედებს, ის აქ კაი საქმისთვის არ უნდა იყოს გამოგზავნილი.

მოკლედ, საქართველოს წინააღმდეგ შეტევები კვლავაც გრძელდება და თუ ამას თვალი მოვუხუჭეთ, ისე გაგვთელავენ, „როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა