პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: უნივერსიტეტების გამრავლება სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო, რათა რაც შეიძლება მეტი კერა გაჩენილიყო ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის და მათი გავლენის ქვეშ მოქცევისთვის

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და არგუმენტად შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. კერძოდ, როგორც ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, გაცილებით დიდი რაოდენობის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ უნივერსიტეტების სიმრავლეს ხელი შეუწყო წინა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის მიზანი იყო, რაც შეიძლება ფართოდ მოეცვა ახალგაზრდები და მოექცია ისინი თავისი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ.

„უნივერსიტეტების ოპტიმიზაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. სააკაშვილმა, თავის დროზე, მოახდინა სკოლების ოპტიმიზაცია. მაგალითად, ონის რაიონში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, სადაც 7 ბავშვი იყო, სკოლა დაიხურა. ბავშვები კილომეტრებს გადიოდნენ ონში ჩამოსასვლელად და სკოლაში მისასვლელად. მოგვიანებით, ის სოფელი მთლიანად დაიცალა. იქ, სადაც დემოგრაფიული პრობლემაა, პირველი, რაც აკრძალულია, სკოლების ოპტიმიზაციაა.

„ქართული ოცნების„ ხელისუფლებამ, იგივე ონის რაიონში, 2 ბავშვზე გახსნა სკოლა. ეს დოტაციური პროცესია, მაგრამ ის სახელმწიფო ინტერესს ემსახურება. იქ, სადაც 2 ბავშვზე გაიხსნა სკოლა, უკვე 20 მოსწავლე ირიცხება – მოხდა უკუმიგრაცია. უნივერსიტეტის ოპტიმიზაციის გამო, ჩვენი მისამართით სიტყვა მტრობას რომ იყენებენ, მტრობა ის იყო, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ სკოლებთან დაკავშირებით გააკეთა. რაც შეეხება უნივერსიტეტების ოპტიმიზაციას, მცირე სტატისტიკას მოვიშველიებ. საქართველოში, სადაც სახეზე გვყავს 3.7 მილიონი მოქალაქე, 2025 წლის მონაცემებით 19-დან 25 წლამდე ასაკის, დაახლოებით 212 000 სტუდენტია რეგისტრირებული. ევროპაში, მაგალითად ფინეთში, რომელიც ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა და რომლის მოსახლეობა 5.3 მილიონია, 35 უნივერსიტეტია სულ (საქართველოში 62 უნივერსიტეტია, აქედან 19 სახელმწიფოა, დანარჩენი კერძო); ლიეტუვაში, სადაც 3,2 მილიონი მოქალაქეა, სულ 27 უნივერსიტეტია.

ევროპულ სახელმწიფოებს ჩვენი ნახევარი, ან მესამედი უნივერსიტეტი აქვთ ქვეყანაში. რატომ გამრავლდა საქართველოში უნივერსიტეტები და ვის პერიოდში მოხდა ეს? გამრავლდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პერიოდში. უნივერსიტეტების მშენებლობას კი არ ვეწინააღმდეგები, მე თავად ვარ პედაგოგი და როგორ შეიძლება ამას ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ ვეწინააღმდეგები იმ პოლიტიკურ ჩანაფიქრს, რის გამოც მათ სოკოებივით დაიწყეს უნვერსიტეტების გამრავლება. პოლიტიკური ჩანაფიქრი კი, მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი კერა გაჩენილიყო ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის და მოექციათ ისინი მათი გავლენის ქვეშ. ეს ერთ-ერთმა მათმა იდეოლოგმა თქვა. მათი მიზანი იყო მოეცვათ დიდი რაოდენობა სტუდენტების და მოექციათ ისინი თავიანთი იდეოლოგიის ქვეშ. საქართველოში ბევრია უნივერსიტეტი, ალბათ უმრავლესობა, სადაც მათი დონე საზღვარგარეთ სკოლებში არსებულ დონეს უტოლდება. არ შეიძლება ასე. ოპტიმიზაცია არის აუცილებელი იმისათვის, რომ მივიღოთ ხარისხი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა