აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) 2026 წლის 30 იანვარს ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გიგანტური არქივი გამოაქვეყნა. გენერალური პროკურორის მოადგილის, ტოდ ბლანშის განცხადებით, გასაჯაროვდა 3 მილიონზე მეტი დოკუმენტი, 2 000-მდე ვიდეო და 180 000-ზე მეტი ფოტომასალა.
ახალმა ფაილებმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების შესახებ შოკისმომგვრელი და ხშირად დაუზუსტებელი დეტალები გამოამზეურა.
დოკუმენტებში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ჩანაწერი ბილ გეითსს ეხება. ეპშტეინის ერთ-ერთ წერილში წერია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს სავარაუდოდ ურთიერთობა ჰქონდა „რუს გოგონებთან“, რის შემდეგაც მას სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აღმოაჩნდა. წერილის მიხედვით, გეითსი ეპშტეინს სთხოვდა ანტიბიოტიკებს, რათა ისინი ჩუმად მიეცა ცოლისთვის, მელინდასთვის და ამით ინფექცია დაემალა.
მასალებში ფიგურირებს ილონ მასკიც. 2013 წლის მიმოწერების მიხედვით, მასკი თითქოს ინტერესდებოდა ეპშტეინის კერძო კუნძულზე დაგეგმილი „ველური წვეულებით“. თუმცა, დოკუმენტებიდან ბოლომდე არ ირკვევა, რეალურად ესტუმრა თუ არა ტესლას დამფუძნებელი ამ კუნძულს. თავად მასკი ეპშტეინთან ნებისმიერ კავშირს ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
დოკუმენტებში მრავალჯერ არის ნახსენები აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მასალებში გვხვდება საჩივრები, სადაც საუბარია 13-14 წლის გოგონების იძულებაზე სექსუალურ კავშირში და ტრამპის კალიფორნიის გოლფ-კლუბში სექს-ტრეფიკინგის ქსელის შექმნაზე. თუმცა, იუსტიციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია და ხშირად წარმოადგენს FBI-სთვის სხვადასხვა პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ბრალდებებს.











