ფლორიდაში მეუღლეებმა, ტიფანი სკორმა და სტივენ მილსმა, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) მძიმე პროცედურისა და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათთვის სრულიად უცხო, გენეტიკურად არანათესავი ბავშვი შეეძინათ.
ეჭვები პირველივე წუთებში გაჩნდა — თეთრკანიან წყვილს შავკანიანი ჩვილი შეეძინა. მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რისიც მშობლებს ყველაზე მეტად ეშინოდათ: ახალშობილი გოგონა არც ტიფანის და არც სტივენის ბიოლოგიური შვილი არ არის.
წყვილმა უკვე შეიტანა სარჩელი რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის, IVF Life Inc.-ისა და მისი წამყვანი ექიმის წინააღმდეგ. თუმცა, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ემოციური მხარე: მეუღლეებს პატარა უკვე ძალიან შეუყვარდათ და მის გაზრდას აპირებენ. მიუხედავად ამისა, ისინი თვლიან, რომ მორალური და იურიდიული ვალდებულება აქვთ, იპოვონ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები.
ყველაზე დიდი შეშფოთება ახლა სხვა რამეს უკავშირდება: თუ კლინიკამ ემბრიონები აურია, შესაძლოა, ტიფანის და სტივენის ბიოლოგიურ შვილს ამ წუთას სხვა ქალი ატარებდეს ან უკვე ზრდიდეს.სტივენი და ტიფანი შიშობენ, რომ მათი გენეტიკური მასალა სხვა კლიენტს გადაუნერგეს, რაც ამ საქმეს გლობალურ სამედიცინო სკანდალად აქცევს.











