შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არ არის სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.
„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია. მსოფლიოს არანაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა – მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.
ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, – განაცხადა პრემიერმა.











