კომისიის ფარგლებში შევისწავლით რა პროცესების გამოა ფასნამატი ასეთი მაღალი, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.
„მიმდინარე კვირას პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისია ჩამოყალიბდება, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა სამთავრობო კომისიის. ჩვენი მიზანი იქნება შევისწავლოთ ფასები საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, ასევე მედიკამენტზე და საწვავზე. როგორც პირველადმა კვლევებმა აჩვენა, პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე საქართველოს მსგავს ქვეყნებში. კომისიის ფარგლებში შევისწავლით რა პროცესების გამოა ფასნამატი ასეთი მაღალი. მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით სამთავრობო კომისიასთან“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
ბრძოლა მაღალი ფასების წინააღმდეგ – ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი წნეხია. პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია, მთავრობის კომისიასთან ერთად პროცესში პარლამენტიც ერთვება. სურსათი, შემდეგ კი მედიკამენტები და საწვავი, ეს არის ის მთავარი პრიორიტეტები, რომელთა ფასებიც უნდა შემცირდეს. პრემიერის ინიციატივის მიზანია ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.











