“ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან მე-11 და მე-12 კლასდამთავრებულები, აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
დეპუტატმა საკითხის მომხსენებელს, განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას ჰკითხა, თუ როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს ორ დამამთავრებელ [მე-11 და მე-12] კლასს.
„ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან მე-11 და მე-12 კლასდამთავრებულები, აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ იქნება საკმარისი რაოდენობის ადგილი და ბევრ ახალგაზრდას მოუწევს კერძო უმაღლეს სასწავლებელში, ფასიან ფაკულტეტებზე ჩაბარება. პარალელურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო მთლიანად წყვეტს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინასებას, ეს შეიძლება მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვეს ბევრ ოჯახს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ზვიად გაბისონიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ განათლების სამინისტროსთვისაც ცნობილია და თუ დამატებითი გადაწყვეტილება იქნება საჭირო, მოხდება კვოტირების დაზუსტება.











