უცხოური მედია

ტრამპმა წაშალა ვიდეო, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახულნი

სკანდალური პოსტი ტრამპის გვერდზე ხუთშაბათს გვიან ღამით გამოჩნდა. ვიდეო წარმოადგენს ე.წ. „მემს“, სადაც პრეზიდენტი ტრამპი „ჯუნგლების მეფის“ როლშია წარმოდგენილი, ხოლო დემოკრატიული პარტიის წევრები მულტფილმ „მეფე ლომის“ პერსონაჟების სახით არიან ნაჩვენები.

ობამების ოჯახის გამოსახულება ვიდეოს ბოლო ორ წამში ჩნდება. გარდა ამისა, რგოლში ფიგურირებენ სხვა დემოკრატებიც, მათ შორის ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენი კი ბანანის ჭამის დროსაა ნაჩვენები. თავად პოსტის ტექსტი კვლავ იმეორებდა ტრამპის მტკიცებებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ.

სანამ პრეზიდენტი პოსტს წაშლიდა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა მისი დაცვა მოასწრო. მან მედიისა და პოლიტიკოსების რეაქციას „ყალბი“ უწოდა.

„შეწყვიტეთ ეს ფალსიფიცირებული აღშფოთება და გააშუქეთ ისეთი რამ, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია ლივიტის განცხადებაში.

მისი განმარტებით, ვიდეო მხოლოდ იუმორისტული „მემი“ იყო და პოლიტიკურ სატირას წარმოადგენდა.

მიუხედავად თეთრი სახლის მცდელობისა, პოსტს რასისტული უწოდეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ გავლენიანმა რესპუბლიკელებმაც. ერთ-ერთი პირველი, ვინც ტრამპი გააკრიტიკა, რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი იყო.

„ვლოცულობ, რომ ეს ფეიკი აღმოჩნდეს, რადგან ეს ყველაზე რასისტული რამაა, რაც კი ოდესმე ამ თეთრი სახლისგან მინახავს… პრეზიდენტმა ის უნდა წაშალოს“, — დაწერა სენატორმა სკოტმა სოციალურ ქსელში.

საბოლოოდ, მზარდი პოლიტიკური წნეხის ფონზე, დონალდ ტრამპმა ვიდეო საკუთარი გვერდიდან აიღო. ბი-ბი-სის (BBC) ინფორმაციით, აღნიშნული კადრები აღებულია ვიდეოდან, რომელიც გასული წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა