დანიის მთავრობა აგრძელებს საკამათო გეგმების განხორციელებას უცხოეთში დაბადებული დამნაშავეების დეპორტაციის თაობაზე, მიუხედავად სამოქალაქო უფლებების დამცველ ექსპერტთა გაფრთხილებებისა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა წარადგინა ფართომასშტაბიანი დეპორტაციის რეფორმის წინადადებები, რომლებიც დანიის სასამართლოებს დაავალდებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის განჩინების გამოტანას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მინიმუმ ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით არიან მსჯავრდებულნი – მიუხედავად მათი უფლებისა ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული. ფრედერიქსენმა აღიარა, რომ აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა საერთაშორისო კონვენციები დაარღვიოს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „გამართლებულია“.
„როდესაც საერთაშორისო წესები იწერებოდა, არ მგონია, ვინმეს წარმოედგინა, რომ ადამიანი ახლო აღმოსავლეთიდან მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში ჩამოვიდოდა და დაიწყებდა გოგონებისა და ქალების გაუპატიურებას,“ — განაცხადა მან და დასძინა, „ვაცნობიერებთ, კანონმდებლობის შეცვლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის ნაცვლად, არატრადიციული მიდგომაა, თუმცა კონვენციის მხარდამჭერი მრავალი ქვეყანა იზიარებს ჩვენს სურვილს მისი ხელახალი ინტერპრეტაციის თაობაზე“.
იმიგრაციის მინისტრმა რასმუს სტოკლუნდმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მსგავსი მასშტაბის ცვლილების დანერგვის პრეცედენტი არ გააჩნია, თუმცა განაცხადა, რომ „როდესაც 27 წევრი სახელმწიფო, მათ შორის ყველა სკანდინავიური ქვეყანა, აკრიტიკებს სასამართლოს მოქმედ პოზიციას, ის ვერ დარჩება პოლიტიკურად ყრუ“. ამავდროულად მან აღიარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საბოლოოდ გააუქმებს დეპორტაციის გადაწყვეტილებას, დანიას დაეკისრება საქმის ხელახალი განხილვა და პიროვნების სამართლებრივი სტატუსის გამოსწორება.
„ჩვენ თავიდანვე ღიად ვსაუბრობდით სამართლებრივ რისკზე, თუმცა ეს არის ისეთი რისკი, რომლის აღებისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა მინისტრმა.
დანიის ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული საზოგადოების ხელმძღვანელმა, მარტინ ლავესენმა, რეფორმას „იურიდიულად და პროცედურულად გაუმართავი“ უწოდა და თქვა, რომ ის „დიდი ალბათობით დაარღვევს საერთაშორისო სამართალს“.











