ჯანდაცვა

„სიბერე არ არის ავადმყოფობა, მაგრამ ცვლის თამაშის წესებს“- თბილისის საკრებულოში 11 თებერვალს გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება და ჯანსაღი სიბერის ხელშეწყობა საქართველოში

თბილისის საკრებულოში, ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა თემაზე „ჯანსაღი სიბერე, ნეიროგერიატრია და გერომედიცინის პერსპექტივები“, რომელიც ეძღვნება ხანდაზმულთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სამედიცინო ინოვაციებს. 

შეხვედრის ორგანიზატორია „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტია პროფესორი ნინო ჟვანია, ხოლო მომხსენებელი მომხსენებელი – ნევროლოგი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გეგელაშვილი. 

ღონისძიების ფარგლებში სპეციალისტები განიხილავენ ტვინის ასაკობრივ ცვლილებებს, ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენციასა და მკურნალობის ახალ მიდგომებს, ასევე გერომედიცინის როლს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

შეხვედრის მიზანია პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის ცოდნის გაზიარება და ჯანსაღი სიბერის ხელშეწყობა საქართველოში.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ძირითადი გზავნილებია:  სიბერე არ არის ავადმყოფობა, მაგრამ ცვლის თამაშის წესებს: მაგ., ნაკლები წამალი ხშირად უკეთესია. მრავალწამლობა ანუ პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია – მედიცინის ყველაზე დიდი მანკიერებაა.

„დანიშნულებებში ხშირად ვხვდებით მავნე და საჩოთირო წამლებს, ესენია: ცხოველური წარმოშობის ცილა – ხბოს სისხლის/ტვინის ჰიდროლიზატები, „ტვინის მკვებავები“, “მეტაბოლური” პრეპარატები და სხვა ცრუ პრეპარატები – „ნოოტროპები“. 

საჩოთირო წამლის მოხსნა ანუ გონივრული შეჩერება ისეთივე მნიშვნელოვანი სამკურნალო აქტია, როგორც წამლის დანიშვნა. მაგრამ, გერიატრიული ნევროლოგია არ არის მედიცინა მხოლოდ „ნაკლები წამლით და ნაკლები დოზით“, იგი ამავე დროს არის მედიცინა განსხვავებული ფიზიოლოგიით.

ეთიკური ნევროლოგია ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე და არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ემპათიის როლი: რაც უფრო მეტად რობოტიზებული გახდება მედიცინა, მით უფრო გაიზრდება „ადამიანური შეხებისა“ და ეთიკური თანაგრძნობის ფასი.

ყველაზე ძვირფასი, რაც შეგვიძლია პაციენტს მივცეთ, არის არა რეცეპტი, არამედ იმის რწმენა, რომ სიბერე არ არის განაჩენი, ეს არის ცხოვრების ეტაპი, რომელსაც მართვა სჭირდება. 

ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ „წამლის დამნიშნველები“, არამედ მათი ცხოვრების წესის მეგზურები. ავადმყოფობის პრევენცია არასდროს არის ძალიან ადრე და არასდროს არის ძალიან გვიან“,-ნათქვამია ღონისძიების პრესრელიზში.

ამონარიდები ლექციიდან

„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ 2050 წლის ეპიდემიოლოგიური რეალობა არ არის მხოლოდ გამოწვევა — ეს არის შანსი, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრების წესს და შევქმნათ სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, არამედ ჯანმრთელ სიბერეზე.“

„ერთი ლარი, რომელიც დღეს იხარჯება სმენის აპარატზე ან ჰიპერტენზიის კონტროლზე, ზოგავს ათასობით ლარს დემენციის მოვლაზე 20 წლის შემდეგ.“

„ნევროლოგია აღარ არის მხოლოდ რეანიმაცია, ეს არის დაზღვევა თქვენი მომავალი მეხსიერებისთვის.“

„გენეტიკა არის მხოლოდ „დატენილი იარაღი“, ხოლო ცხოვრების წესი — ‘ჩახმახი’. დემენციის შემთხვევების მხოლოდ 1-5%-ია წმინდად გენეტიკური (მაგ. ადრეული ალცჰაიმერი). დანარჩენ 95%-ში ჩვენ გვაქვს მინიმუმ 20-წლიანი ფანჯარა. The Lancet 2024-ის კომისიამ დაადასტურა, რომ 14 მოდიფიცირებადი ფაქტორის მართვით შეგვიძლია შემთხვევების თითქმის ნახევრის პრევენცია ან გადავადება. ჩვენ ვერ ვცვლით გენებს, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი ექსპრესია.“

„ჩვენი მიზანია არა სიცოცხლის დამატება წლებისთვის, არამედ ჯანმრთელობის დამატება სიცოცხლისთვის.“

“რა სარგებელსაც მოუტან გულს, იგივე სარგებელი მოაქვს ტვინს” (ჰიპერტენზია, დიაბეტი, ლიპიდები- როგორც ნეიროდეგენერაციის აქსელერატორები).

“ნებისმიერი ახალი სიმპტომი ხანდაზმულ პაციენტში უნდა განვიხილოთ როგორც წამლის გვერდითი ეფექტი, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.”

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ლოკალურ გამოცდილებას, მაგრამ მედიცინა გლობალური მეცნიერებაა. თუ პრეპარატი ნამდვილად ეფექტურია, ის ვერ დარჩება მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრებში. მეცნიერებას საზღვრები არა აქვს“.

„ჩვენ არ ვმკურნალობთ ლაბორატორიულ ბლანკს, ჩვენ ვმკურნალობთ ადამიანს. 90 წლის პაციენტთან ქოლესტერინის იდეალური ციფრები არ არის პრიორიტეტი, თუ წამალი მას კუნთებს უსუსტებს და ცხოვრების ხარისხს უქვეითებს.“

სადისკუსიო საკითხები

უსაფრთხოა თუ არა „უსაფრთხო“ მედიკამენტები ხანდაზმულთათვის?

ალცჰაიმერის „გაშიფვრა“: როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დემენცია სიმპტომების გამოჩენამდე 20 წლით ადრე?

ტვინის „დასუფთავების“ სისტემა: გლიმფური სისტემის აღმოჩენა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ძილის მედიცინაში.

ეთიკური დილემები: უნდა ვებრძოლოთ თუ არა სიბერეს ყველა ხელმისაწვდომი ტექნოლოგიით?

მოკლე განმარტებითი ინფორმაცია

გერიატრიულ პრაქტიკაში მრავალწამლობა ანუ პოლიფარმაცია (ერთდროულად 5 ან მეტი მედიკამენტის მიღება) წარმოადგენს ფინანსური ტოქსიკურობის ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ ძალას. ხანდაზმული პაციენტები ხშირად იმყოფებიან „რეცეპტების კასკადის“ ქვეშ, როდესაც ახალი მედიკამენტები ინიშნება წინა მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ.

განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა გერიატრიულ პოპულაციაში ვლინდება, სადაც ხანდაზმული ასაკის ფიზიოლოგიური მოწყვლადობა, მრავალავადობა და მრავალწამლობა (პოლიფარმაცია) იკვეთება ფიქსირებულ შემოსავლებსა და მზარდ სამედიცინო ხარჯებთან.

დემენციის ანუ ჭკუასუსსტობის შემთხვევების დაახლოებით 45% (ზოგიერთი გათვლით 49%-მდე) შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული ან გადავადებული 14 მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის აღმოფხვრის გზით. ავადმყოფობა, რომელიც ადრე მხოლოდ დაბერების გარდაუვალ შედეგად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც მართვადი და თავიდან აცილებადი მდგომარეობა.  ავადმყოფობათა პრევენცია არასდროს არის ძალიან ადრე და არასდროს არის ძალიან გვიან.

ღონისძიება ღიაა დაინტერესებული პირებისთვის.

: +995 595 449 094 – nina.zhvania27@gmail.com – პროფესორი ნინო ჟვანია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა