პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მოსკოვი პირველად საჯარო რიტორიკაში უშვებს აზრს, რომ 2008 წლის სამართლებრივი სტატუსი „გრანიტზე ამოკვეთილი მუდმივობა” კი არა, კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მიღებული გადაწყვეტილებაა

„თუ ადრე რიტორიკა კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპირობო და მუდმივ უცვლელობაზე იდგა, ახლა ჩნდება პირობითობა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის” ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, გაუქმდეს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მედვედევის პირით კრემლი წინასწარ ახმოვანებს სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები შეიძლება გავდეს ნიადაგის მოსინჯვას, რასაც საქართველომ მოთმინებითა და სიბრძნით უნდა ადევნოს თვალი და არ გამოიჩინოს ტრადიციული სულსწრაფობა.

„სოციალურ ქსელში მუსირებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის „სკანდალური” განცხადება – პრეზიდენტის რანგში მის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების (აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის” ცნობის თაობაზე) შესაძლო გაუქმების შესახებ. გავიხსენოთ – რა დე-ფაქტო როლს ასრულებს დღეს მედვედევი რუსეთის პოლიტიკაში: ის წარმოადგენს ე.წ. „ქორების” ფრთას, რომლის მეშვეობით კრემლი წინასწარ ახმოვანებს სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებს – ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მომზადებისა და ჩამოყალიბების მიზნით. დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომ თეორიული აღიარების გაუქმებაც კი, არ გააქრობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სუბიექტობას“ – მხოლოდ იურიდიული ეგზოტიკა არ არის. ეს არის მომავალი და გარდაუვალი მოლაპარაკებების კონსტრუქციის წინასწარ ფორმირება.

თუ აღიარება თეორიულად გაუქმებას ექვემდებარება, მაშინ ის უკვე აღარ წარმოდგენს რაიმე საკრალურ და მარადიულ დოგმას. დიპლომატიაში მსგავსი ფორმულები შემთხვევით არ ჩნდება – ისინი მანევრის სივრცეს წინასწარ ამზადებენ. საქართველოსთვის ეს ნიუანსი ძალზე მნიშვნელოვანია. ამ განცხადებას წინ უსწრებდა კრემლის მიერ გატარებული ზომების მთელი კასკადი: აფხაზეთის პასპორტების მქონე რუსეთის მოქალაქეებს გაუუქმეს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების ვადების გაგრძელების პუნქტები, გაუქმდა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მართვის მოწმობების გაცემა, ხოლო როსტოვში დემონსტრაციულად და ხმაურიანად დააპატიმრეს კრასნოდარის ოლქში აფხაზური დიასპორის თავმჯდომარე. ახლა კი, მოსკოვი პირველად საჯარო რიტორიკაში უშვებს აზრს, რომ 2008 წლის სამართლებრივი სტატუსი “გრანიტზე ამოკვეთილი მუდმივობა” კი არა, თავის დროზე კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს არ ნიშნავს კურსის დაუყოვნებლივ გადახვევას, მაგრამ ნიშნავს ფორმის განხილვის მზადყოფნას. ხოლო როცა ფორმა უკვე განიხილება – შინაარსის საკითხიც გარდაუვლად დგება. „აღიარების გარეშე სუბიექტობის შენარჩუნების“ თეზისი – ეს არის შიდა რუსული აუდიტორიისთვის შექმნილი „უსაფრთხოების ბალიში” და საკუთარი სახის შენარჩუნების ფორმულა. იგი კრემლს აძლევს საშუალებას, მომავალში სტრატეგიული ვითარების ცვლილების შემთხვევაში, კურსის შესაძლო კორექტირება ისე ახსნას, რომ ეს „დერჟავას” დამარცხებად არ იყოს აღქმული.

მოსკოვი თითქოს ამბობს: „ჩვენ არაფერს ვაუქმებთ, მხოლოდ სამართლებრივ ინსტრუმენტს ვცვლით“. ეს ლოგიკა იდეალურად ჯდება დიდი გარიგების სცენარში, სადაც სტატუსი შეიძლება გარდაიქმნას ფართო რეგიონული კომპრომისის ფარგლებში. ამას პირდაპირ სიგნალს ჯერ ვერ ვუწოდებთ და ყოველგვარი ჩვეული წინასწარი ქართული ეიფორიის გარეშე უნდა შევხვდეთ. თუმცა ეს არის რუსეთის მხრიდან მოქნილობის დემონსტრირება, რომელიც გარეგნული “სიმკაცრით” არის შეფუთული. დიდ პოლიტიკაში ჯერ იხსნება თავის დროზე დადებული ტაბუ ამა თუ იმ თემის განხილვაზე, შემდეგ შემოდის ახალი ტერმინოლოგია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რეალური მოლაპარაკება. თუ ადრე რიტორიკა კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპირობო და მუდმივ უცვლელობაზე იდგა, ახლა ჩნდება პირობითობა. ხოლო პირობითობა ყოველთვის პირველი აგურია მომავალ დიალოგში რუსეთსა და საქართველოს შორის ყველაზე მგრძნობიარე თემის ირგვლივ. იმედია, გვეყოფა მოთმინება და სიბრძნე – მოვლენათა განვითარებას ტრადიციული სულსწრაფობის გარეშე ვადევნოთ თვალი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა