კეისი ვასერმანმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა თავისი კომპანიის, Wasserman Group-ის (სპორტული მარკეტინგისა და ტალანტების ძიების სააგენტო) გაყიდვის განზრახვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპიტამენტმა „ეპშტეინის ფაილების“ მორიგი ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ვასერმანისა და სექს-დამნაშავის თანამზრახველის, გისლეინ მაქსველის ინტიმური მიმოწერა გამოაშკარავდა.
კომპანიის 4 000 თანამშრომლისადმი გაგზავნილ წერილში ვასერმანმა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ დროებით ჩამოშორდება ბიზნესს, რათა კონცენტრირება ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის მომზადებაზე მოახდინოს. სკანდალს უკვე მოჰყვა კლიენტების მასობრივი გადინება: მომღერალმა ჩაპელ რონმა, მუსიკოსმა ორვილ პეკმა და სხვა არტისტებმა საჯაროდ გაწყვიტეს მასთან კონტრაქტები.
2003 წლით დათარიღებულ გამოქვეყნებულ მიმოწერაში, დაოჯახებული ვასერმანი მაქსველს უგზავნიდა ისეთ გულახდილ შეტყობინებებს, როგორიცაა: „რა უნდა გავაკეთო, რომ ტანზე მომდგარ ტყავის კოსტიუმში გიხილო?“, რაზეც ის კეკლუცად პასუხობდა და სთავაზობდა იმ „ზონების“ ჩვენებას, რომლებიც „მამაკაცს ჭკუიდან შლის“.
ბიზნესმენი თავს იმართლებს, რომ მაქსველთან ურთიერთობა ამ უკანასკნელის დანაშაულების გამჟღავნებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. იგი უარყოფს ყოველგვარ კავშირს თავად ეპშტეინთან, თუმცა აღიარებს, რომ 2002 წელს მისი კერძო თვითმფრინავით აფრიკაში იმყოფებოდა კლინტონის ფონდის დელეგაციის შემადგენლობაში.











