ხელოვნება და კულტურა

ნინო კურტანიძე, ხელოვანი ფოთიდან: ხალიჩების ქსოვის ხელოვნება საქართველოს ისტორიის ნაწილია. თუ დაგვავიწყდა გამოყენებული სიმბოლოების მნიშვნელობა, ის ისტორიაც დაიკარგება, რაც მქსოველმა მასში ჩააქსოვა

ზღვისპირა ქალაქ ფოთში, სადაც ქარი მარილის სურნელს ატარებს, ახალგაზრდა ქალმა საკუთარი სამყარო ძაფებსა და ფერებში იპოვა. infopostalioni-ს სტუმარი დღეს ნინო კურტანიძეა, ხელოვანი, რომლისთვისაც ხალიჩის ქსოვა ხელობა კი არა, სიჩუმეში ნაქსოვი ემოცია და მოთმინებით შექმნილი სილამაზეა.

  -როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ხალიჩების ქსოვის ხელოვნებასთან და ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი? 

-ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა ხელოვნების მასწავლებელმა წაგვიყვანა აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში, სადაც გავეცანით ხელოვნების სხვადასხვა სახეობებს- ხის მხატვრულ დამუშავებას, მხატვრულ ქსოვას, ტანსაცმლის მოდელირებას და კერამიკის დამუშავებას.  ეს იყო პირველი შეხვედრა. ჩემი და დაზგების, რომლებმაც მაშინვე მომნუსხეს და აღმაფრთოვანეს. ჩემი ფაკულტეტის ხელმძღვანელი გახლდათ ქ.-ნი მაია გვალია, რომელიც ნამდვილი დიდოსტატია ამ საქმის ისევე, როგორც ყველა პედაგოგი, რომლებმაც ხელოვნების სიყვარულში აღმზარდეს და ხელოვნების სიყვარული შთამაგონეს.

 -რა ასაკიდან დაინტერესდით ამ ხელოვნებით და რა გახდა მთავარი მოტივაცია? 

-ზუსტად მაშინ, სკოლის ასაკში. ალბათ 13-14 წლის, ზუსტად არ მახსოვს. სწორედ ის  პირველი შთაბეჭდილება გახდა ჩემი მოტივაცია, რომელიც მხატვრული ქსოვის კაბინეტში შესვლის დროს მოახდინეს ჩემზე ვებერთელა დაზგებმა, ულამაზესი ორნამენტებითა და უამრავი ფერებით შემკულმა ხალიჩ-ფარდაგებმა.

  -რას ნიშნავს თქვენთვის ხალიჩის ქსოვა – პროფესია, ხელოვნება თუ ცხოვრების სტილი?

  -საინტერესო კითხვაა, რადგან, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ხალიჩის ქსოვა და ხელოვნება სულის უნარია საკუთარი თავის გამოხატვის. შინაგანი მოთხოვნილება უფროა, ვიდრე სხვა რამ. მე ვიტყოდი, პასუხისმგებლობაა აღებული წინა თაობების წინაშე, რამეთუ მათ მიერ გადმოცემულ ცოდნას ეხები, ითვისებ, სწავლობ და ავითარებ. საუკუნეების და ათასწლეულების წინ დაწყებული ისტორიის ნაწილიც ხდები და შესაძლებლობა გაქვს შექმნა რაღაც ახალი და შენ თავად გახდე ამ ათასწლოვანი ისტორიის ნაწილი. ცხოვრების სტილიც არის, რა თქმა უნდა, ასევეა აზროვნება, ფიქრი, ქმედება და ჩემი პირველი პროფესია, ხელობა, რომელიც პატარა ასაკში შევისწავლე.

-რა დროს მოითხოვს ერთი ხალიჩის შექმნა იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე? 

-ამ კითხვაზე მარტივი და ზუსტი პასუხი შეიძლება ვერ გაგცეთ, რამეთუ ხალიჩის ქსოვის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დროც, შესაბამისად, ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული. მაგრამ მივყვეთ ხალიჩის შექმნის თანმიმდევრობას:

ჯერ იქმნება ესკიზი, განვსაზღვრავთ ხალიჩის ზომას. რაც უფრო დატვირთულია ხალიჩა ორნამენტებით და რაც უფრო დიდია მისი ზომა, რა საკვირველია, დიდ დროს მოითხოვს. შემდეგ გადავდივართ ტექნიკის არჩვაზე. გვაქვს გლუვი ტექნიკა -გობელენი, ის შედარებით უფრო სწრაფად იქსოვება, გვაქვს ხაოიანი ხალიჩები, სადაც ხაოს ჩამაგრება სათათითაოდაა საჭირო და შესაბამისად მეტ დროს ითხოვს.  ასევე მნიშვნელოვანია მქსოველის ინდივიდუალური ქსოვის მანერა და ტექნიკა, რაც უფრო სწრაფია მქსოველი, მით უფრო სწრაფად მოიქსოვება ხალიჩა. შეიძლება ერთი და იგივე ხალიჩას ორმა სხვადასხვა მქსოველმა სხვადასხვა დრო მოანდომოს.  მაგალითად, როცა იქმნებოდა დიდი ზომის ხალიჩები, მას თვეობოთაც კი ქსოვდნენ.

-როგორ ირჩევთ ფერებსა და ორნამენტებს? აქვთ თუ არა მათ სიმბოლური მნიშვნელობა? 

-ფერებსა და ორნამენტებს ვირჩვ სურვილის მიხედვით- რა მომწონს, რა მინდა, რომ მოვქსოვო. ხელოვნებაში მათ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ხშირად ვხედავთ სხვადასხვა მასალაში შესრულებულ საგნებს, შემკულს სხვადასხვა ფერითა და ორნამენტით, რომლებიც ამბავს მოგვითხრობენ. აქ უკვე მნიშვნელოვანია მათი ამოცნობა და იმ ამბის სწორად გაგება, რასაც ხელოვანი ამათუ იმ ორნამენტისა და ფერის საშუალებით ცდილობდა.

-იყენებთ ტრადიციულ ტექნიკას თუ ამატებთ თანამედროვე ელემენტებსაც? 

-დაზგაზე მუშაობსას, ხალიჩების ქსოვისას, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ტექნიკას ვიყენებ, რადგან სწორედ ეს არის ის ქვაკუთხედი, რაც მიზიდავს ქსოვაში. ეს არის ის მთავარი, რაც მომწონს ქსოვისას. როგორ ტალღებივით გადადიან ფერები ერთმანეთში, როგორ ძარღვებივით იქსელებიან და იქსოვებიან ძაფები.  როგორ იბადება ახალი ამბავი ტრადიციული მეთოდით. რაც შეეხება ყაისნაღით ქსოვას, აქ მუდმივად ვეძებ რაღაც ახალს, საინტერესოს, ისეთს, რაც ჯერ არ ვიცი და მინდა შევისწავლო.

-გყავთ თუ არა მოსწავლეები და გვითხარით, სად შეიძლება მოგაკითხონ დაინტერესებულმა პირებმა?  

-ამჟამად მყავს პატარა მეგობრები, რომლებსაც ვასწავლი ხატვას და კერამიკას. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია შეისწავლოს ქსოვის ტექნიკა ჩემს პატარა ზღვისპირა ქალაქში.

  -სირთულეები თუ ახლავს ამ საქმეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალისთვის? 

-ვფიქრობ, ყველაზე დიდი სირთულე არის ის, რომ სხეული მთლიანად არის ჩართული ქსოვის პროცესში. მუშაობს არა მხოლოდ ხელი, რომელიც ქსოვს, არამედ ყველა კუნთი, ზურგი, ხერხემალი, კიდურები. საათობით ჯდომა და სხეულის დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა რთულია, მაგრამ თვითონ პროცესი იმდენად აღმაფრთოვანებელია, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ გარბიან საათები. შედეგის ნახვისას კი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ: – ეს ამად ღირდა.

 -როგორ რეაგირებს საზოგადოება და მომხმარებელი თქვენს ხელოვნებაზე?

  -ვფიქრობ გამიმართლა. რადგან ჯერ არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ვინმეს უთქვამს რაიმე უარყოფითი. პირიქით, ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან, ყოველთვის გამოხატავენ დაინტერესებასა თუ მოწონებას. თუმცა, ადამიანების დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ არაერთგვაროვანია. ეს ეხება არა მხოლოდ ქსოვას, ასევე სხვა დარგებსაც. ნამუშევარი ყველას მოწონს, ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ როცა კითხულობენ ღირებულებას, მათი აზრი იყოფა. ზოგისთვის ძვირია, ზოგისთვის კი ძალიან იაფი. ხელნაკეთი ნივთი არ არის მხოლოდ ნივთი. ეს არის შემქმნელის გრძნობა, ფიქრი, ემოცია, მისი დახარჯული დრო, მის მიერ მოპოვებული მასალა და ჯანმრთელობაც კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარია აკეთო სიყვარულით, ემოციით, გრძნობით და არ არის აუცილებელი ყველას ერთნაირად მოწონდეს.

-არის თუ არა საქართველოში საკმარისი მხარდაჭერა ხელსაქმისა და ტრადიციული რეწვის მიმართულებით?

 -არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით ყველა ასპექტს ბოლომდე ვიცნობ, მაგრამ იმ ცნობებზე დაყრდნობით, რაც მაქვს, იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც ჩემამდე მოდის, ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ამ კუთხით, რაც შესაბამისად განაპირობებს სათანადო ხელშეწყობასაც.

-რა მასალებს იყენებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი საბოლოო შედეგისთვის? 

-ხარისხი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ყველა საქმეში. თუ ხარისხი არ არის დაცული, მაშინ ნამუშევრის ღირებულება იკარგება. ხარისხი განაპირობებს ღირებულებას და გამძლეობას. მასალად ვიყენებ შალს, ბამბის ძაფებს. სწავლების პროცესში ვიყენებთ სხვადასხვა მასალისგან შექმნილ ძაფებსაც. 

-როგორ ახერხებთ ტრადიციის შენარჩუნებას და ამავდროულად ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებას? 

-ტრადიციის შენარჩუნებას ვახერხებ სწორედ ტექნიკისა და ორნამენტების საშუალებით. რაც შეეხება ინდივიდუალობას – აქ ორნამენტთა, ფერთა შეხამება და განლაგება მიწყობს ხელს. ვქმნი ახალს ძველის საშუალებით და ეგ არის.  საოცარია, როცა ხედავ, შენი წინაპრები როგორ აკეთებდნენ ზუსტად იგივეს, რასაც ახლა თვითონ აკეთებ და თან მაინც როგორი განსხვავებულია დიდი ბებიების შექმნილი ნამუშევრები თანამედროვე ეპოქის ქალების მიერ შექმნილი ხალიჩებისგან.

-იღებთ მონაწილეობას გამოფენებში ან საერთაშორისო პროექტებში? 

-გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას, ვცდილობ ყველა გამოფენაზე გავიდე ჩემი პატარა შემოქმედებით, სადაც შესაძლებლობა მექნება. საერთაშორისო გამოფენებში ჯერჯერობით მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიღებდი. თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემა.

-რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნების ამ სფეროში ჩართვას ფიქრობენ? 

-გიყვარდეთ, იზრუნეთ, მოუფრთხილდით და განავითარეთ, რომ მომავალ თაობებს გადასცეთ. გიყვარდეთ, რადგან უსიყვარულოდ არაფერი უნდა გაკეთდეს და არაფერი გამოვა უსიყვარულოდ. იზრუნეთ, რადგან ზრუნვა სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულებაა. მოუფრთხილდით, რადგან ხელოვნების ეს მიმართულება ჩვენი ისტორიის ნაწილია და განავითარეთ, რადგან მომავალ თაობებს გადასცეთ.

 ქსოვა და ყველა ხელსაქმე ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ჩვენს ფესვებთან, ჩვენს წინაპრებთან გვაკავშივრებს და რომელიც არ უნდა გაწყდეს. რამეთუ ხელსაქმით, მხატვრული ქსოვით შექმნილი ნამუშევრები, პირადად ჩემთვის, დროის კაფსულებივით არიან. ისინი გვიყვებიან ამბავს იმ დროის, როცა შექიმნენ. ხალიჩები ხომ ამბის თხრობის ერთ-ერთი საშუალება იყო ერთ დროს და ჩვენ თუ დაგვავიწყდა ამ ამბის წასაკითხად გამოყენებული სიმბოლოების მნიშვნელობა, ის ისტორიაც დაიკარგება, რაც მქსოველმა მასში ჩააქსოვა.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და ოცნება?

  ძალიან მინდა მხატვრული ქსოვის ეს მიმართულება – დაზგური ქსოვა და არა მხოლოდ ის, ისევ განვითარდეს, ისევ ძველებურად ახმაურდნენ მქსოველი ქალები, ისევ გავიხსენოთ მივიწყებული ტრადიციები, რაც ქსოვის პროცესს ახლდა თან და ახალი ენერგიით დაიწყოს ახალი სიცოცხლე ამ ყველაფერმა.  ძველი სკივრიდან ამოვიღოთ და ახალი მიმართულება მივცეთ. მინდა, ბევრმა ახალგაზრდა გოგონამ შეისწავლოს ეს ხელსაქმე და კიდევ უფრო განვითარდეს ის.

ესაუბრა ჟურნალისტი თინა ფუტკარაძე

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა