პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოზარ სუბარი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას. დეპუტატმა ისაუბრა თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კორუფციასა და გაზრდილ ბიუროკრატიაზე.
მისი სიტყვებით, სისტემა იმგვარად უნდა მოწესრიგდეს, რომ, ერთი მხრივ, აღიკვეთოს კორუფციის საფრთხეები და, მეორე მხრივ, თვითმმართველობები, გადაწყვეტილების მიმღებნი გახდნენ უფრო ქმედითები და ეფექტიანები.
სუბარმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა: „პირველ რიგში, თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა; მეორე საკითხი: თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებელად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კორუფციის საფრთხე არსებობს, თუმცა მისი აღკვეთა ანტიკორუფციული სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა.
„კორუფციასთან ბრძოლას არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს ორივე მიმართულებით – როგორც პრევენციის, ისე წარსული კორუფციის გამოძიების კუთხით. გამოსაძიებელი კი ნამდვილად ბევრია, რადგან კორუფციის პრობლემა არ იყო მხოლოდ მაღალ ეშელონებში, არამედ ყველა დონეზე ჩააღწია. თუმცა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ და პრობლემები შეექმნას მიმდინარე ან მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. დღეს, კორუფციის პრევენციის აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზნის გამო, გაჩნდა მეორე უკიდურესობა: ადგილებზე, თვითმმართველობებში, მკვეთრად შენელდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რეგიონული განვითარების მინისტრი ამას არ დაეთანხმება, მაგრამ დარბაზში არის 22 დელეგატი, რომლებიც საქართველოს რეგიონებს წარმოადგენენ. ოცდაორივე დელეგატი არის უმრავლესობის წევრი და თითოეული მათგანი პირად საუბრებში დაადასტურებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც წარმოადგენენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.
გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე თვეობით იწელება, რადგან უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური რგოლისგან არის თანხმობა მისაღები. გადაწყვეტილებების მიმღები პირები კი ან ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას და, ამის გამო, უამრავი პროექტი არის გაჩერებული, ან საერთოდაც ამჯობინებენ უარი უთხრან განმცხადებელს იმის შიშით, რომ მომავალში ვინმე არ მოედავოს, რატომ მიეცი ნებართვაო.
სხვათა შორის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ორი კვირის წინ ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რასაც გაზრდილი ბიუროკრატია უქმნის მისი ქვეყნის ეკონომიკას. ლაპარაკი შეეხებოდა მზის ენერგეტიკის განვითარებას. მისი თქმით, სანამ გერმანიაში ქაღალდებს დაატარებენ ერთი კაბინეტიდან მეორეში, მანამდე ჩინეთში იმავე თემაზე გადაწყვეტილების მიღებასაც ასწრებენ, ელექტროსადგურსაც აშენებენ და ელექტროენერგიის მიღებასაც იწყებენ. კანცლერმა იქვე შესთავაზა გამოსავალი თავის ქვეყანას – თუკი რომელიმე გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირით იგვიანებს, ეს საკითხი ავტომატურად მიღებულად ჩაითვალოსო.
მე გთავაზობთ, რომ წავიდეთ ან იმ გზით, რაც გერმანიის კანცლერმა თქვა, ან მეორე – ჩემი აზრით, უფრო ეფექტური გზით. კერძოდ: 1. თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა; 2. თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებელად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა; 3. რაც შეეხება მესამე საფრთხეს – ხომ არ მოხდება ნებართვების მიცემა ისეთ პროექტებზე, სადაც არის კორუფციის რისკი? რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს, მაგრამ სწორედ იმისთვის არის ანტიკორიფციული სამსახურები, რომ ასეთ საფრთხეებს ებრძოლონ. შესაბამისად, ეს არ არის ის საფრთხე, რომლის შიშითაც გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან უშუალოდ შეეხება უამრავ მოქალაქეს და ასეულობით პროექტს, რომელთა განხორციელებაც დაუსაბუთებლად ჭიანურდება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.











