აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ, თუმცა დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაციის ავტორიზაციის საკითხზე, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
წყაროების ცნობით, თეთრ სახლს აცნობეს, რომ სამხედროები შაბათ-კვირისთვის დარტყმისთვის მზად იქნებიან, თუმცა ერთ-ერთი წყარო „სიენენს“ უყვება, რომ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ აქვს, ის მრჩევლებსა და მოკავშირეებს ეკითხება, რა იქნება საუკეთესო ნაბიჯი.
როგორც „სიენენი“ წერს, 18 თებერვალს თეთრ სახლში ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბნენ და ირანთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილეს. ამავე დღეს დონალდ ტრამპს ჟენევაში ჩატარებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ მისმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მიაწოდეს ინფორმაცია.
„ის ამაზე ბევრ დროს ხარჯავს და ფიქრობს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „სიენენთან“ საუბრისას.
ამასთან, „სიბიეს ნიუსი“ წერს, რომ პენტაგონს ახლო აღმოსავლეთიდან გარკვეული პერსონალი დროებით გამოჰყავს, რადგან ემზადება ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმისთვის აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში. გამოცემის ცნობით, თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შაბათ-კვირის შემდეგაც, შეიძლება, გაგრძელდეს.









