მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
ფონდმა რამდენიმე დღის წინ გადაწვიტა, რომ სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან – შპს “ინსისა” და შპს “ჯავას” ერთობლივ საწარმოსთან, ხელშეკრულება შეწყვიტოს, რის მიზეზადაც კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. კერძოდ, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.
ველისციხეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე. განიხილეს პროექტის გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები.
ბექა ურუშაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. თითოეული ეტაპი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება, აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.
პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია “ეპტისა” დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად.











