პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება რიტორიკას, რომლის თანახმადაც საქართველო, აზერბაიჯანისა და სომხეთის დასავლეთთან დაახლოების ფონზე, კარგავს რეგიონული ლიდერის სტატუსს. ანალიტიკოსი წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში 2026 წელს დაგეგმილი საერთაშორისო სამიტები და ფორუმები საპირისპიროზე მეტყველებს: „2026 წელი იკვეთება როგორც პერიოდი, როდესაც საქართველო ინსტიტუციურად ამყარებს საკუთარ სტატუსს რეგიონული ჰაბის რანგში: არა მხოლოდ ტურისტული, არა მხოლოდ ტრანზიტული, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმის“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველო აყალიბებს საკუთარ ფუნქციურ როლს საერთაშორისო სისტემაში და სახელმწიფოში დაგეგმილი ისეთი ფორუმები, როგორიცაა Tbilisi Finance Summit, IX World Forum on Energy Regulation, SBC Summit Tbilisi და Eurasian Summit Antifraud მეტყველებს ჩვენი სტატუსის გამყარებაზე რეგიონის მასშტაბით. „ბოლო დროს საქართველოს სულ უფრო ხშირად ადარებენ “დასავლეთის ორბიტაზე” გააქტიურებულ სომხეთსა თუ აზერბაიჯანს. ისმის “რიტორიკული ეჭვი“, რომ თბილისმა “დაკარგა” სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია.
ამ მოსაზრებას პირდაპირ ეწინააღმდეგება ელემენტარული შედარებითი ანალიზი იმ მნიშვნელოვანი ფორუმებისა თუ სამიტების, რომლებიც დაგეგმილია ჩვენი რეგიონის სამივე სახელმწიფოში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში. 2026 წელი საქართველოსთვის არ არის უბრალოდ ღონისძიებების კალენდარი, ეს არის მცდელობა, ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის მნიშვნელოვანი დიალოგის პლატფორმა. აი, წელს დაგეგმილი ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი: I კვარტალი 2026: თებერვალი – Hospitality Investment Forum Tbilisi. ძირითადი აქცენტი: ინვესტიციები სასტუმრო სექტორსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ჰაბის პოზიციის განმტკიცება რეგიონში, კაპიტალის მოზიდვა სასტუმრო სექტორში მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე; 12–13 მარტი — Eurasian Summit Antifraud (თბილისი).
დღის წესრიგი: ფინანსური უსაფრთხოება, თაღლითობასთან ბრძოლა, საქართველოს პოზიციონირება, როგორც გამჭვირვალე იურისდიქციისა და არა „რუხი ტრანზიტული სივრცის“ მქონე ქვეყნისა. საერთაშორისო კრიტიკის პირობებში, ეს არის ფინანსური სისტემის იმიჯური დაცვის ინსტრუმენტი. II კვარტალი 2026: აპრილი–მაისი – Tbilisi Finance Summit. მონაწილეები: რეგულატორები, ბანკები, საინვესტიციო ფონდები, განვითარების ინსტიტუტები. თემები: ციფრული ფინანსები, კაპიტალის ბაზრები, სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია, „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო მარშრუტები. აზიურ ფინანსურ სივრცეებთან გაღრმავებული კავშირების ფონზე, სამიტი შეიძლება იქცეს ფინანსური პოზიციონირების გადახედვის პლატფორმად; ივნისი – Global Tech Weekend Tbilisi. დღის წესრიგი: ტექნოლოგიები, სტარტაპები, ვენჩურული ინვესტიციები – IT კლასტერის ფორმირება და ეკონომიკის დივერსიფიკაცია. III კვარტალი 2026 (წლის დიპლომატიური პიკი): 21–24 სექტემბერი – თბილისის IX World Forum on Energy Regulation (WFER IX). მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფორუმი ენერგეტიკული რეგულირების სფეროში. მონაწილეობენ მინისტრები, რეგულატორები და ენერგოკორპორაციები. საქართველოსთვის ტრანზიტული ენერგოდერეფნის როლის განმტკიცება, „შუა დერეფნის“ პროექტებში პოზიციების გაძლიერება, ნეიტრალური მოლაპარაკებების პლატფორმის სტატუსის გამყარება.
გლობალური ენერგეტიკული ტურბულენტობის პირობებში WFER-ის ჩატარება არის გეოეკონომიკური სიგნალი, და არა მხოლოდ ტექნიკური ღონისძიება; 30 სექტემბერი – 2 ოქტომბერი – IRF Europe & Central Asia Regional Congress, რომლის თემატიკაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა, დაკავშირებული აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნის განვითარებასთან, პორტების მოდერნიზაციასთან, საქართველოს როლთან ევრაზიულ სატვირთო ნაკადებში. IV კვარტალი 2026: 19–21 ოქტომბერი – SBC Summit Tbilisi, საერთაშორისო სამიტი iGaming ინდუსტრიისთვის, რომელთა დღის წესრიგია საგადასახადო შემოსავლები და ტექნოლოგიური ბიზნესის მოზიდვა, რეგულატორული გარემოს მოქნილობის დემონსტრირება. ეს ყველაფერი კი ერთ სტრატეგიულ ხაზში ერთიანდება: ენერგეტიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური სექტორი, რაც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის ეკონომიკური სუვერენიტეტის ოთხი ძირითადი საყრდენი. 2026 წელი იკვეთება როგორც პერიოდი, როდესაც საქართველო ინსტიტუციურად ამყარებს საკუთარ სტატუსს რეგიონული ჰაბის რანგში: არა მხოლოდ ტურისტული, არა მხოლოდ ტრანზიტული, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმის.
ელემენტარული შედარება ჩვენს “დასავლეთის ორბიტაზე” მყოფ მეზობლებთან, რის საშუალებას “გუგლიც” კი იძლევა, ყველაზე უსამშობლო სკეპტიკოსსაც დაარწმუნებს, რომ ამ მნიშვნელოვანი ფორუმებისა და სამიტების კომპონენტში, საქართველო უპირობო რეგიონული ლიდერია. საქართველო ეტაპობრივად აყალიბებს საკუთარ ფუნქციურ, და არა იდეოლოგიურ მოდელს საერთაშორისო სისტემაში – ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსების მეშვეობით, სადაც სუვერენიტეტი იზომება არა დეკლარაციებით, თუ სხვის “ორბიტებზე” მოკალათებით, არამედ თავისი ექსკლუზიური როლით გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვებში“ – წერს დავით ქართველიშვილი.











