პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში ჩაძირა „ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც თავს საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ მიიჩნევდა“.
„ამის ნაცვლად, ის ტორპედომ ჩაძირა“, — განაცხადა ჰეგსეტმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ხომალდზეა საუბარი, თუმცა მანამდე შრი-ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინდოეთის ოკეანეში ხომალდი IRIS Dena ჩაიძირა და ბორტზე მყოფი დაახლოებით 140 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს მდივანმა, ავიაციის ვიცე-მარშალმა სამპათ თუიაკონთამ BBC-ს განუცხადა, რომ ირანული ხომალდის ბორტზე მყოფი მინიმუმ 80 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მა შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანა. ამასთან, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, აღნიშნა, რომ დარტყმა წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.
შრი-ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაადასტურეს, რომ 32 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, დილით, ირანული სამხედრო ხომალდისგან (IRIS Dena) განგაშის სიგნალი მიიღეს.
Al Jazeera, ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ხომალდმა Dena-მ, რომელიც შრი-ლანკის სამხრეთით მდებარე ქალაქ გალედან დაახლოებით 40 საზღვაო მილის (75 კმ) დაშორებით იმყოფებოდა, განგაშის სიგნალი ოთხშაბათს დილის 6-დან 7 საათამდე (გრინვიჩის დროით 00:30-დან 01:30-მდე) გაგზავნა.
სავარაუდოდ, Dena სამშობლოში ბრუნდებოდა საერთაშორისო ფლოტის აღლუმის შემდეგ, რომელიც თებერვალში ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიშაქაპატნამში გაიმართა.











