პოლიტიკა

აშშ-მა შრი-ლანკის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში, ირანული სამხედრო ხომალდი ჩაძირა

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში ჩაძირა „ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც თავს საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ მიიჩნევდა“.

„ამის ნაცვლად, ის ტორპედომ ჩაძირა“, — განაცხადა ჰეგსეტმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ხომალდზეა საუბარი, თუმცა მანამდე შრი-ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინდოეთის ოკეანეში ხომალდი IRIS Dena ჩაიძირა და ბორტზე მყოფი დაახლოებით 140 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს მდივანმა, ავიაციის ვიცე-მარშალმა სამპათ თუიაკონთამ BBC-ს განუცხადა, რომ ირანული ხომალდის ბორტზე მყოფი მინიმუმ 80 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მა შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანა. ამასთან, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, აღნიშნა, რომ დარტყმა წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.

შრი-ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაადასტურეს, რომ 32 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, დილით, ირანული სამხედრო ხომალდისგან (IRIS Dena) განგაშის სიგნალი მიიღეს.

Al Jazeera, ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ხომალდმა Dena-მ, რომელიც შრი-ლანკის სამხრეთით მდებარე ქალაქ გალედან დაახლოებით 40 საზღვაო მილის (75 კმ) დაშორებით იმყოფებოდა, განგაშის სიგნალი ოთხშაბათს დილის 6-დან 7 საათამდე (გრინვიჩის დროით 00:30-დან 01:30-მდე) გაგზავნა.

სავარაუდოდ, Dena სამშობლოში ბრუნდებოდა საერთაშორისო ფლოტის აღლუმის შემდეგ, რომელიც თებერვალში ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიშაქაპატნამში გაიმართა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა