კათოლიკე ეპისკოპოსი ემანუელ შალეტა სან-დიეგოს აეროპორტში დააკავეს — სასულიერო პირი, რომელიც ეპარქიის ფულადი სახსრების გაფლანგვასა და არაეთიკურ ქცევაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან გაფრენას ცდილობდა. ამის შესახებ National Catholic Reporter-ი იტყობინება.
69 წლის შალეტა რეგულარულად კვეთდა მექსიკის საზღვარს და ხშირი სტუმარი იყო ტიხუანას ერთ-ერთი სტრიპტიზ-კლუბისა, რომელიც თავის რეკლამაში „ასობით საერთაშორისო ლამაზმანით“ იწონებს თავს და ფაქტობრივად საროსკიპოს სახით ფუნქციონირებს.
გამოძიების მონაცემებით, შალეტა პირადი საჭიროებებისთვის იმ ფულს ხარჯავდა, რომელიც საეკლესიო უძრავი ქონების იჯარის გადასახდელად იყო განკუთვნილი. კვალის ასარევად კი ის დანაკლისს საქველმოქმედო ფონდების სახსრებით ავსებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გაფლანგულია $427 000-ზე მეტი, თუმცა ეპისკოპოსის მიერ მითვისებული რეალური თანხა, შესაძლოა, $1 მილიონს აღწევდეს.
ამჟამად ეპისკოპოსი სან-დიეგოს ციხეში იმყოფება. მისი გათავისუფლება $125 000-იანი გირაოს სანაცვლოდ არის შესაძლებელი.










