საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის ომის შემდეგ, ნიუ იორკში მსახიობ რიჩარდ გირთან შეხვედრის შესახებ წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რიჩარდ გირმა მას უთხრა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ეთქვა უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დეყვანა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რიჩარდ გირს რაც არ გამოუვიდა, ის შეასრულა ივანიშვილმა.
„2008 წლის ომის შემდეგ, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიყავი ჩასული, საღამოს სასტუმროს კონსიერჟმა დამირეკა და მითხრა, რომ რიჩარდ გირი იყო მოსული და შეხვედრას ითხოვდა.
მე ამ მსახიობის დიდი პატივისმცემელი ვარ და რა თქმა უნდა მაშინვე ჩავედი.
დავსხედით სასტუმროს ბარში, გირმა დაიწყო საუბარი იმით, რომ ძალიან აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმით, ამას მოაყოლა, ბუდისტი ვარო და შემდეგ ის, რის სათქმელადაც იყო მოსული – დაუყოვნებლივ უნდა თქვათ უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო.
ხოდა რაც დიდ ჰოლივუდელ ვარსკვლავს არ გამოუვიდა, ის შეასრულა ივანიშვილმა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე.
არც ანტისაჰაერო დაცვა არ გვაქვს, თუმცა ჩემთან შეთანხმებით ამას ობამა გვაძლევდა. მერე კი ივანიშვილმა მოგვისწრო და უარი თქვა, არც ბალისტიკური რაკეტები, რომლის ერთობლივ წარმოებაზეც უკრაინასთან ვიყავით შეთანხმებული. არც ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გამოშვებაც დელტაში იგეგმებოდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.











