„ქეშბექი“ არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაზარს, ფასდაკლებები აკეთოს- განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
მან კომისიის სხდომის შეჯამებისას, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა, აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, გასაგები და კონკურენცია უფრო გაჯანსაღდეს.
კომისიის თავმჯდომარე ემხრობა ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ბაზარია და ჩვენი ბაზარი აწყობილია „ჰაილო“ მოდელზე, რომელიც არის მაღალი, დაბალი, მოდელი, ნიშნავს, რომ საბაზისო ფასი არის მაღალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და მომხმარებლის დიდი ნაწილი ამ ფასდაკლებების პროცესში არის ჩართული და 80% ფასდაკლების ფასში ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად არის შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ ისეთი, რომ ამ ჯაჭვში, რომელიც იწყება იმპორტიორი მწარმოებლიდან, დისტრიბუტორიდან და საცალო ქსელიდან, ურთიერთობები გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, გასაგები, კონკურენცია კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მიგვაჩნია, რომ არის შესაძლებლობები, ძალიან კარგი იდეები იყო, განსაკუთრებით მომეწონა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ პროდუქტი, რაც ლოგისტიკის ჯაჭვში მნიშვნელოვან ხარჯებს ამოაგდებს და ძალიან დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს ზუსტად ეცოდინება, სად შეიძლება ჩააბაროს თავისი პროდუქტი და ქსელებისთვისაც კარგი იქნება. ასევე, მიმაჩნია, რომ გადახდის ფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნულის სტანდარტიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ბიზნეს პროცესები რგოლში ყველასთვის იყოს გასაგები როგორც მწარმოებლისთვის, ასევე დისტრიბუტორისთვის და საცალო ქსელის ოპერატორებისთვის. ეს კარგია იმიტომ, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ რგოლს, როდესაც გასაგებია, როდის ხდება გადახდები, რომ ბიზნეს პროცესები სწორად დანერგოს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მოვახდინოთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იქ კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში მიმაჩნია, რომ სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, რომ კარგი კორექცია მივიღოთ გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე“-განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.











