ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მსოფლიო სამოქალაქო ავიაცია უმძიმესი გამოწვევების წინაშე დადგა. როგორც გამოცემა BBC აღნიშნავს, ავიაკომპანიებს უწევთ მარშრუტების შეცვლა, რაც პირდაპირ აისახება ბილეთების ფასსა და საჰაერო მოძრაობის სიმჭიდროვეზე, მათ შორის საქართველოშიც.
სტატიაში ნათქვამია, რომ ირანის თავზე ცის ჩაკეტვამ საჰაერო ტრაფიკი ორ ძირითად მიმართულებაზე გადაანაწილა — არაბეთის ნახევარკუნძულსა და კავკასიაზე. კერძოდ, საუბარია საქართველოზე, სადაც თვითმფრინავები იძულებულნი არიან გაიარონ საკმაოდ ვიწრო კორიდორი, რომელიც ჩრდილოეთიდან რუსეთსა და უკრაინას, ხოლო სამხრეთიდან ირანს შორის არის მოქცეული.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბაქოსა და თბილისის რაიონები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტის ბოთლის ყელად იქცა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ევროპიდან აზიისკენ მიმავალი რეისები, რომლებიც ადრე ირანზე გადიოდა, ახლა ჩრდილოეთით გადმოისროლეს. ახალი გზა შავი ზღვის სამხრეთით, საქართველოს, აზერბაიჯანის, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის გავლით გადის.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ომის დაწყების შემდეგ საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა — თუ ადრე ბარელი 85-90 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 150-200 დოლარამდეა ასული. სტატიაში ნათქვამია, რომ ისეთი გიგანტები, როგორიცაა Cathay Pacific და Air India, უკვე აორმაგებენ საწვავის მოსაკრებელს, რაც ავტომატურად ზრდის სამგზავრო ბილეთების ღირებულებას.
BBC-ის ინფორმაციით, საჰაერო მარშრუტების დაგრძელება და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ცის სრული ჩაკეტვა დისპეტჩერებზე დატვირთვას საგრძნობლად ზრდის. მიუხედავად ამისა, კავკასიის საჰაერო სივრცე რჩება იმ კრიტიკულ მაგისტრალად, რომელიც დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს.











