იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე, არა იმიტომ, რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან ქალბატონ მაგდასთან, რომელსაც წლებია, ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით, სანქცირებულია, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების დროს ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა.
მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „იმედის” სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან.
„ადგილი სადაც ჩვენ ვხვდებით არის სანქცირებული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს არის უსამართლო და საერთოდაც “დიფ სტეიტის” ან ვიღაცის ხელი ურევია. მე ვიტყვი, რომ ეს სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან და ეს არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და პრინციპში ქვეყნისათვის ტრაგედიაა, რომ ასეთ ურთიერთობებში აღმოვჩნდით ასეთ მმართველობით გლობალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცენტრებთან”, – განაცხადა დარჩიაშვილმა











