პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს შეუძლია, ეუთო-ს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება.

„საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ „მოსკოვის მექანიზმის“ ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა