პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „NATO“ კვლავ სამხედრო ალიანსია, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა უკვე შორს არის იმ მონოლითურობისგან, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დებატებს, რომელშიც ოპოზიცია სვამდა კითხვას: ვის „დაურეკავს“ ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება გამწვავდა. ქართველიშვილი წერს, რომ ამ შეკითხვას სვამენ ის ადამიანები, რომელთა მმართველობის დროსაც მოხდა 2008 წლის ომი: 

„ნაციონალური მოძრაობის“ ზარებს არც 2008 წლის აგვისტოს მწვავე ფაზაში არ პასუხობდა არავინ, არც რუსეთს არ დაუწესეს ერთი სანქცია მაინც და ზუსტად მაშინ დაიწერა მომავალი 1633 ევრორეზოლუციის ტექსტი, სადაც ომის დაწყება ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ ქვეყანას დააბრალეს“ – აღნიშნავს ანალიტიკოსი. 

ქართველიშვილი პარალელს ავლებს ირანში მიმდინარე მოვლენებთან. მისი სიტყვებით, ამერიკის მოკავშირე ევროპას არ უნდა კონფლიქტში ჩართვა და ამჯობინებს საკუთარი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ანალიტიკოსის სიტყვებით, „NATO”-ს სამხედრო ალიანი აღარაა მონოლითური და ამერიკის „ზარებს“ ევროპა არ პასუხობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ბოლო დებატებში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების მომხრეებს დაუსვეს “ჩამჭრელი” კითხვა: ვის დაურეკავს “ქართული ოცნება” საქართველოსთან მიმართებით სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების შემთხვევაში. ამას გვეკითხებოდნენ ადამიანები, რომელთა მმართველი პარტიის ზარებს არც 2008 წლის აგვისტოს მწვავე ფაზაში არ პასუხობდა არავინ, არც სექტემბერში ბრიუსელში საქართველოს საკითხის განხილვაზე სხდომათა დარბაზში დაუშვეს სამკაციანი ქართული დელეგაცია, არც რუსეთს დაუწესეს ერთი სანქცია მაინც და ზუსტად მაშინ დაიწერა მომავალი 1633 ევრორეზოლუციის ტექსტი, სადაც ომის დაწყება ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ ქვეყანას დააბრალეს.

დიდ პოლიტიკაში ასე ხდება ხოლმე, როდესაც თვით დონალდ ტრამპის ზარებსაც არ პასუხობენ მისი უახლოესი “მოკავშირეები”. ვაშინგტონის პრეტენზიები ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თავისი “ნატო”-ელი  პარტნიორების მიმართ, საკმაოდ მკაცრად და ულტიმატუმის ტონით ჟღერს. ამერიკული მხარე საკითხს ასე აყენებს: თუ ევროპა ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა ამერიკული სამხედრო „ქოლგით“, მაშინ იგი ვალდებულია სოლიდარობა გამოიჩინოს იმ კონფლიქტებშიც, რომლებიც ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, რა დროსაც ნადგურდება აშშ-ს საელჩოები (პირდაპირი თავდასხმა ამერიკაზე) და იხოცებიან მისი ჯარისკაცები. 

ევროპის რამდენიმე დედაქალაქის უარი ირანის კამპანიაში მონაწილეობაზე, ამერიკაში აღიქმება როგორც კოლექტიური ვალდებულებების მარშრუტით „უფასო მგზავრობის“ კლასიკური მაგალითი: ევროპელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, ხოლო პოლიტიკური და სამხედრო რისკების გაზიარებას პარტნიორები თავს არიდებენ. თუმცა ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი თუ გერმანია, ახლო აღმოსავლეთის ომი არა მოკავშირეობას, არამედ შიდა დესტაბილიზაციის პოტენციურ წყაროს უკავშირდება. 

მილიონობით მუსლიმი მიგრანტი, რომლებმაც ევროპის ბევრ ქალაქში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ საფრთხეებს ქმნიან, ანტი ირანულ სამხედრო ნაბიჯს მასობრივი პროტესტების, ქუჩის მობილიზაციისა და ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების რისკად აქცევს. ევროპული მთავრობები კარგად აცნობიერებენ: ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩართვა შეიძლება სწრაფად გადაიქცეს შიდა პოლიტიკურ კრიზისად. ამას ემატება ცივი სტრატეგიული გათვლაც: ამერიკისთვის ირანთან დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსისა და ისრაელის უსაფრთხოების საკითხია. ევროპის მრავალი სახელმწიფოსთვის კი ეს უცხო ომია, რომელიც მათი ლოგიკით, „NATO“-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებებში არ შედის. 

აშშ-ს არც ერთი ჩამოთვლილი “მოკავშირე” არ თვლის, რომ მათი საკუთარი უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია თეირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაზე. ამიტომ ისინი ირჩევენ პოლიტიკურ დისტანციას, დიპლომატიურ ფორმულებსა და ჰუმანიტარულ განცხადებებს ოპერაციაში პირდაპირი მონაწილეობის ნაცვლად. ანუ, ზუსტად ისე იქცევიან, როგორც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ამჯერად, თვით ამერიკის მისამართით. მაგრამ ამ უარის უკან კიდევ უფრო უსიამოვნო სიმართლეც იმალება ვაშინგტონისთვის: ევროპა თანდათან იღლება ამერიკულ გეოპოლიტიკურ ავანტიურებში „უმცროსი პარტნიორის“ როლით. 

ერაყის, ავღანეთისა და სხვა ახლოაღმოსავლური კრიზისების შემდეგ, ევროპული ელიტები სულ უფრო მეტად ხელმძღვანელობენ რისკების მინიმიზაციის ლოგიკით. ამ ლოგიკაში ანტი ირანულ კამპანიაში მონაწილეობა ჰგავს ნებაყოფლობით ჩართვას კონფლიქტში, რომლის შედეგებიც (ახალი მიგრაციული ტალღა, ენერგეტიკული რყევები და ქუჩის რადიკალიზაცია), პირველ რიგში, თავად ევროპას დაარტყამს. შედეგად იქმნება პარადოქსული ვითარება: ტრანსატლანტიკური კავშირი ფორმალურად შენარჩუნებულია, მაგრამ მისი სტრატეგიული შინაარსი იცვლება. 

აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს თავის სამხედრო-პოლიტიკურ პროექტებში ერთგულებასა და თანამონაწილეობას, ევროპა კი პასუხობს სიფრთხილითა და შიდა გათვლებით. რაც უფრო ძლიერდება ეს ინტერესთა დისბალანსი, მით უფრო ნათელი ხდება ერთი რამ: „NATO“ კვლავ სამხედრო ალიანსია, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა უკვე შორს არის იმ მონოლითურობისგან, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩანდა. ასე რომ, სატელეფონო ზარების მაძიებელ ოპოზიციასთან რჩევა მაქვს: აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს მიმართონ კითხვით, ევროპაში ირანთან დაკავშირებით მათ დარეკილს ვინმე პასუხობს? ვშიშობ, რომ ყურმილში ისმის: “ამჟამად აბონენტი არ პასუხობს, ან გასულია მომსახურეობის ზონიდან, მოგვიანებით სცადეთ”…“ – წერს დავით ქართველიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა