საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პატრიცია გრჟებიკის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ერთი-ერთში იმეორებს იმ ნარატივს, რაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს.
„სიცრუით გაჯერებული დასკვნაა, რომელშიც ხაზს ვუსვამ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ისე არის გადატანილი ფურცელზე, რასაც საუბრობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. სხვათა შორის იქ აღმოჩნდა განათლების რეფორმასთან დაკავშირებითაც პრეტენზიები. ზუსტად იმ ჭრილში, რა ჭრილშიც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს ამ ყველაფერს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პატრიცია გრჟებიკიმ, რომელმაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არასწორი აღქმები გაჩნდა და რომ რეალურად არ უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.











