ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.
„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.
გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, – აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.











