საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი- მეც მაქვს ერთი ისტორია, როდესაც პატრიარქი დამეხმარა და დიდ შარს გადამარჩინა

მეც მაქვს ერთი ისტორია, როდესაც პატრიარქი დამეხმარა – თვითონ საქმეს დაეხმარა, მაგრამ, ირიბად, მეც დიდ შარს გადამარჩინა,-წერს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, 2008 წლის ცოცხალი ჯაჭვი, რომელზეც პატრიარქის თხოვნით, უამრავი ხალხი გამოვიდა, მისი იდეა იყო და ამისთვის, გიგი უგულავა დაიხმარა.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეროვნული დეპრესიის თავიდან ასარიდებლად და ერთსულოვნების განცდის გასაძლიერებლად, ცოცხალი ჯაჭვის იდეა დამიჯდა ჭკუაში.

რადგან მასშტაბური ჯაჭვის ორგანიზება ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ფიზიკურად ვერ გამოვიდოდა, საკუთარ თავზე ავიღე მათი დარწმუნება, რომ კარგი იდეაა და ორგანიზებაში ჩაერთონ – სულ მცირე, გზების გადაკეტვა იყო საჭირო და მთავრობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

1 სექტემბერი გადაწყდა – ნატოში იხილებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი და დავამთხვიეთ.

მიშა ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჯაჭვის იდეას და უსაფრთხო სცენარისკენ იხრებოდა – ტრადიციული აქცია უნდა ჩავატაროთ, რასაც მიჩვეულები არიანო. რაც უფრო ახლოვდებოდა 1 სექტემბერი, მით მეტად მსტრესავდა, რომ არ გამოვა ხალხი.

ერთი კვირაა დარჩენილი და შაბათს ღამით, მორიგი პანიკა გამართა, რომ არაფერი გამოვა და ყველაფერი იქნება ჩემი ახირებული თავის ბრალი. მე კი არ ვიტეხდი იხტიბარს, მაგრამ თან ფეხებში დენი მივლიდა – ვაიდა მართლა არ გამოვიდა ხალხი, რას ავიკიდე ამხელა პასუხისმგებლობა.

მოკლედ, ისე ავნერვიულდი, რომ მუცელი ამტკივდა – ვიწრიალე ღამის 2 საათამდე სასოწარკვეთილმა და გამახსენდა, რომ კვირას წირვაა.

მეთქი ახლა შენ ნახე მიშა სააკაშვილო!

წყნეთში ვიყავი, ავდექი – წავედი გიგი უგულავასთან და მოვახსენე, რომ უნდა ადგეს დილის 8 საათზე, გამოცხადდეს საპატრიარქოში და პატრიარქს სთხოვოს, რომ საკვირაო სიტყვაში ხალხს მოუწოდოს ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდებისკენ, თანადგომის ნიშნად.

უგულავამ ისეთი სახით შემომხედა, ალბათ ვიოლონჩელოზე დაკვრას უფრო ელოდა ჩემგან, ვიდრე ასეთ თხოვნას – მახსოვს კიდეც რა სახით ვაშტერდებოდი, მიხვდა, რომ არ წავიდოდი მისი სახლიდან, სანამ პირობას არ მომცემდა. რატომღაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ილია მეორეს იდეა მოეწონებოდა.

მოკლედ დადგა კვირა, პატრიარქმა თავის საკვირაო წირვაში ხალხს მოუწოდა ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდებისკენ, ამოვჭერით მისი მოწოდება, სანგუკომ (ნუცა კუხიანიძემ და გუკა რჩეულიშვილმა) გააკეთა დიდებული კლიპი, რომელიც გავიდა ორივე ნაციონალურ არხზე და 1 სექტემბერს ყველამ ნახეთ, რაც მოხდა – მილიონი ადამიანი გამოვიდა და ერთმანეთი გაამხნევა.

სააკაშვილი მთელი კვირა მემუქრებოდა ჩემი ფეხი მანდ არ იქნებაო, მაგრამ საკრებულოს აივანზე მიკროფონი მაინც დავუდგით და ხმა გავამზადეთ, ვიცოდით რომ მოფრინდებოდა.

„ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი“ – პავლე მოციქული, კორინთელთა მიმართ, პირველი ეპიტოლე“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა